სუს-ს წარვუდგინე სიები, ვინც იყვნენ მომზადებული დესტრუქციული სცენარისთვის – კობახიძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სუს–ში დაკითხვაზე იყო. მისი თქმით,  სუს-იდან მას დაუკავშირდნენ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გაავრცელა და რომელიც ე.წ “რევოლუციურ სცენარს” უკავშირდებდა.

“საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდება ე.წ რევოლუციური სცენარის ფარგლებში ნაცმოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს. მე მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. დავასახელე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე – ინფორმაციის შინაარსი. მათ შორის წარვადგინე იმ ადამიანების სიები, რომლებიც იყვნენ მომზადებული ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის. რა თქმა უნდა, ამით უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება და დღეს ამასთან დაკავშირებით შედგა გამოკითხვა.” – განაცხადა კობახიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ სუს–ს დაუსახელა ლიდერების ვინაობა, რომელებიც “რევოლუციურ სცენარში” იღებდნენ მონაწილეობას.

“ჩვენ დავასახელეთ მათ შორის ლიდერების გვარები, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიეკუთვნება იმ სცენარს, რომელიც არის შედგენილი მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც არის ლიდერი მთავარი კრიმინალური დესტრუქციული პოლიტიკური ძალის და, მასთან ერთად, ამ კუთხით მოქმედებდნენ ასევე რამდენიმე წარმომადგენელი ამ პარტიის, რომელთაგან კიდევ ერთხელ დავასახელებდი, მაგალითად დევი ჭანკვეტაძეს, მაგალითად დიმიტრი შაშკინს. იყვნენ სხვებიც ჩართული ამ სცენარის განხორციელაბში. ეს ყველაფერი იგეგმებოდა მათ მიერ. ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდება პრევენციული ზომების მიღება და ამასაც ემსახურებოდა ჩემს მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია.” – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, არჩევნებამდე 1 დღით ადრე კობახიძემ ოპოზიციის “პროვოკაციულ გეგმებზე” ისაუბრა. მან თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობას ხელკეტებითა და ელექტროშოკებით მობილიზებული ეკიპაჟები ჰყავს.