თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლნისში თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა, ტერიტორია დატოვეს თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა.
“იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, გამოიკითხნენ მოწმეები.
დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. დაგეგმილია ქიმიური, ბალისტიკური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზები.
მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, გრძელდება საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები გენერალური პროკურატურის ზედამხედველობით. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 401-ე მუხლით”, – აცხადებენ სამინისტროში.