სწორადაა შეყვანილი ივანიშვილი, რა, არ უნდა იყოს? – ღუდუშაური სახელმძღვანელოზე

ქართული ოცნების დეპუტატი ალუდა ღუდუშაური მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოზე ამბობს, რომ იქ ბიძინა ივანიშვილი სწორად არის შეყვანილი, რადგან მას ისტორიაში “დაფასებული ადგილი აქვს”.

მისივე შეფასებით, არასწორი ისაა, რომ წიგნში სააკაშვილის “საგმირო საქმეებზე” არ წერია.

“ძალიან სწორად არის შეყვანილი [ბიძინა ივანიშვილი]. რა, არ უნდა იყოს? არ უნდა იყოს? როგორც ჩანს, ნებისმიერი პირი ამ ისტორიის სახელმძღვანელოს კარგად უნდა გაეცნოს, იმიტომ, რომ ნამდვილად საჭიროებს… კიდევ კარგად გაეცანით, სხვა შემთხვევაში ამ კითხვას, რომ თურმე დღეს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების წარმომადგენელი ყოფილა, ამ განცხადებას და ამ მოსაზრებას უბრალოდ არ გააკეთებდით.

რომელ არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობთ?! დიახ, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში აქვს და რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად ექნება, დაფასებული ადგილი, განსხვავებით სააკაშვილისგან. თუ ამ ისტორიის წიგნში რაიმე არის არასწორი და არ ასახავს რეალობას, ჩემი აზრით, არის ის, რომ ამ ისტორიის სახელმძღვანელოში მიხეილ სააკაშვილის ის “საგმირო საქმეები” არ არის ასახული, რაც მან ჩაიდინა და რისთვისაც არის მსჯავრდებული და რაზეც მიმდინარეობს არაერთი საქმე”, – თქვა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში, რომელიც უკვე გრიფირებულია, ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია როგორც “ქველმოქმედი და მეცენატი”, საქართველოს ევროპულ კურსზე კი წერია, რომ ის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაძლიერდა.