სჭირდებათ ბევრი კუნთმაგარი გონებაჩლუნგი – ტყუილს ძალა და სისასტიკე თუ არ დაახმარეს, ჩამოიშლებიან – ჯაფარიძე

”რეჟიმი დგას ტყუილზე. მთავარი, თუმცა არასაკმარისი საყრდენი არის ტყუილი..[…] ამიტომ სჭირდებათ ბევრი კუნთმაგარი გონებაჩლუნგი – ტყუილს ძალა და სისასტიკე თუ არ დაახმარეს, ჩამოიშლებიან” –  წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში

”რეჟიმი დგას ტყუილზე. მთავარი, თუმცა არასაკმარისი საყრდენი არის ტყუილი.

არასაკმარისი იმიტომ, რომ არ იჯერებს საკმარისი რაოდენობის ქართველი, რომ წაქცეულის ცემა მოსულა, პატარა გოგოს ცემა მოსულა, 10 კაცის მიერ ერთის გაწიხლვა მოსულა, ფეხმძიმე ქალთან უთენია სახლში შევარდნა მოსულა, მინივენებში ახალგაზრდების წამება მოსულა და ა.შ

ამიტომ სჭირდებათ ბევრი კუნთმაგარი გონებაჩლუნგი – ტყუილს ძალა და სისასტიკე თუ არ დაახმარეს, ჩამოიშლებიან.

და მაინც მთავარი არის ტყუილი. ტყუილი არის ამ და ასეთი რეჟიმების არსი.

ყოფილი KGB-შნიკები და რაიკომის მდივნები გახდნენ მორწმუნეები.

კრიმინალები – ეპისკოპოსები;

პედოფილები – ტრადიციული ღირებულებების დამცველები;

მოძალადეები – ქრისტიანები;

პოლიციელები – დამნაშავეები

ხალხი, რომლებსაც იმდენად არ სჯერათ ამ ქვეყნის მომავლის, რომ შვილებს უცხოეთში აჩენენ – პატრიოტები;

იტყუება ყველა, რიგითი პოლიციელით დაწყებული, მოსამართლით დამთავრებული, ჟურნალისტი, ექსპერტი, პროკურორი, პარლამენტარი, მინისტრი, გამგებელი და ა.შ, ყველა იტყუება, ყველა ბუტაფორიაა, როგორც საბჭოთა კავშირში იყო.

რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობას განაპირობებს ათობით ათასი, შეიძლება ასობით, ადამიანის გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი, ნებაყოფლობითი თანხმობა – მონაწილეობა მიიღოს ტყუილში.

სასამართლო პროცესი? – ტყუილია!

გამოძიება? – ტყუილია!

არჩევნები? – ტყუილია!

ევროპისკენ სიარული? – ტყუილია!

ყველაფერი ტყუილია!

მაგრამ ეს ტყუილები ცოცხლობს იმიტომ, რომ მასში ადამიანები იღებენ მონაწილეობას.

ვიღაცას დააჯერეს, ვიღაცას ეშინია, ვიღაცას ჰგონია, რომ ის მაინც ვერაფერს შეცვლის, ამიტომ მოსულა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება გააკეთოს ნებისმიერმა ადამიანმა ასეთი რეჟიმის პირობებში, არის სიმართლის თქმა და ტყუილში არ მონაწილეობა.

არაფრის ისე არ ეშინია რეჟიმს, როგორც სიმართლის.

ერთი მართალი ადამიანი უფრო დიდი პრობლემაა მათთვის, ვიდრე 100 კუნთმაგარი. ამიტომ კლავენ სიტყვის თავისუფლებას სხვადასხვა კანონებით. კანონებით უნდათ დაადგინონ საკუთარი “სიმართლე” ანუ დააკანონონ ტყუილი, რადგან მარტო იმედი და პოსტვ ვერ ერევა რეალობას.

ტყუილში არ მონაწილეობა არის მინიმუმი. ეს უკვე თავისთავად არის ბრძოლა. პირველი ვინც ამას უნდა აკეთებდეს და მაგალითს აძლევდეს სხვებს – არიან პოლიტიკოსები.

ოქტომბერში დაგეგმილი რაღაც, არჩევნები არ არის.

ტყუილია.

ტყუილში მონაწილეობის მიღება, ტყუილის ნაწილად გახდომაა, ტყუილში გასვრა – აწყობს რეჟიმს.

არ შეიძლება ამის გაკეთება.

გასაგებია, რომ ზოგიერთს თუ ეტყვიან, ახლა ასეთი არჩევნები იქნება, თუ გინდათ რომ მონაწილეობა მიიღოთ, თან ყოველდღე უნდა იძახოთ: “%ლე ვარ, %ლე ვარო”, დათანხმდებიან და ისევ გაიმეორებენ: – პოლიტიკური პარტია მაგისთვის არსებობს, რომ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობაო,

მაგრამ ჩვენ ხომ ამ შემთხვევაში %ლეებზე არ ვსაუბრობთ.

არ შეიძლება ტყუილში მონაწილეობა. არანაირ ტყუილში. ასადროს, თუნდაც ეს თავისუფლების ფასად დაგიჯდეს ან უარესა”- ნათქვამია წერილში.