“ეს არის გაუგებარი განცხადებები, პირველ რიგში რაც შეეხება ხალხის და მმართველი გუნდის დამოკიდებულებას, არა მარტო ჩვენ გვესმის ხალხის ხმა, არამედ ხალხსაც ესმის ჩვენი ხმა. ეს გამოხატულია იმაში, რომ “ქართულმა ოცნებამ” ზედიზედ ორჯერ, 2020 წლის ოქტომბერში და 2021 წლის ოქტომბერში მიიღო ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი დემოკრატიული ლეგიტიმაცია, რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მე შეგახსენებთ, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ბილბორდებით გახდა პრეზიდენტი, აქედან გამომდინარე, როდესაც საუბარია სახალხო ლეგიტიმაციაზე, ეს ლეგიტიმაცია არის ჩვენკენ, შესაბამისად არის სრული კავშირი მმართველ გუნდსა და ხალხს შორის – ეს შესაბამისად პირველი გაუგებარი განცხადება.

რაც შეეხება სად ვდგავართ ჩვენ, ეს ყველასთვის არის ნათელი და რა თქმა უნდა როდესაც მმართველი გუნდისგან ისმის კრიტიკა ევროპარლამენტარების უსამართლო რეზოლუციების მიმართ, ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს რაიმე ტიპის ცვლილებას და საგარეო კურსის რევიზიას, აქედან გამომდინარე სალომე ზურაბიშვილი ამ ყველაფერს აანალიზებს, ყველაფერი კარგად იცის, თუმცა სამწუხაროდ სჭირდება ისეთი რაღაცების თქმა, რითაც შეძლებს რომ ტაში გამოსტაცოს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს. დღეს მან რამდენჯერმე გამოსტაცა ტაში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს. ვერ გეტყვით ეს რატომ უნდა, ეს საზოგადოებამ უნდა განსაჯოს”,

ასე უპასუხა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის კითხვებს, თუ სად დგას ახლა მმართველი პარტია და რატომ არ ესმის ხალხის.