სხვაგვარი მესიჯებით ღონისძიება ასეთი წარმატებით არ დასრულდებოდა – მდინარაძე

“სხვაგვარი მესიჯებით ღონისძიება ასეთი წარმატებით არ დასრულდებოდა”- ამის შესახებ, მმართველი გუნდის, ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ განაცხადა. მამუკა მდინარაძე დღის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არა საქართველოში არამედ უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში იმყოფებოოდა.

“ჩვენი განცხადებები ეყრდნობოდა იმ ინფორმაციას, რასაც სამართალდამცველები გვაწვდიდნენ. და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციები საერთო კონტექსტში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან და მის შედეგებთან ერთად ნიშნავს, რომ ეს იყო მაღალი კლასის უდიდესი წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაცია. ჩვენი მხრიდან მათ ეს გათვალეს ძალიან კარგად სხვაგვარი მესიჯები რომ გახმოვანებულიყო, ბუნებრივია ღონისძიება ასეთი წარმატებით შეიძლება, არ დასრულებულიყო. ბუნებრივია, ჩვენც შეიძლებოდა, გვქონოდა გულისწყვეტა, მაგრამ რა დროს ამაზე გულის წყვეტაა. როდესაც მათ ძალიან კარგად გათვალეს ყველა დეტალი და არ გასწიეს მინიმალური რისკი, რომ პოლიტიკურ ლიდერებს ეს სცოდნოდათ. როდესაც სპეცოპერაცია იგეგმება, პოლიტიკური ლიდერები ამის საქმის კურსში არც უნდა იყვნენ და არც არიან”,- ამბობს მამუკა მდინარაძე.