სხვანაირი ქუთაისი მახსოვს, როგორ გადავგვარდით?! რა გვჭირს?! – კილაძე მოკლულ ქალზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ქუთაისში ქალის მკვლელობას ეხმიანება და ამბობს, რომ სხვანაირი ქუთაისი ახსოვს.

“ეს ულამაზესი გოგო მეზობლის მიერ მიყენებული 17 ჭრილობისგან გარდაიცვალა. ერთი საათის მანძილზე ითხოვდა შველას. არც ერთი მეზობელი არ დაეხმარა.

მე სხვანაირი მახსოვს ჩემი ქუთაისი. ადამიანებს ერთმანეთი უყვარდათ და პატივს სცემდნენ. როგორ გადავგვარდით?! რა გვჭირს?!

მერე გვიკვირს, ბავშვები ერთმანეთს ასე რატომ იმეტებენო. რა მაგალითს ვაძლევთ, ამაზე ვინმე ფიქრობს?!” – წერს კილაძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, 19 ივლისს ქუთაისში საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. შსს–მ ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი ქალი დააკავა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მას 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. გარდა ამისა, ამ საქმეზე გუშინ, 20 ივლისს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი დააკავეს.