სხვა თუ აპირებს პრემიერობას, უნდა თქვას, მაგრამ თავისი გეგმა უნდა წარადგინოს – ვაშაძე

სხვა თუ აპირებს პრემიერ-მინისტრობას, უნდა თქვას, მაგრამ თავისი გეგმა უნდა წარადგინოს, რა არის მთავარი მიზანი, ამიტომ დაველოდოთ, მე აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კითხვას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილიც ვიხილოთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.

„მე ვაპირებ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას კონკრეტული მიზნით, რომ არცერთი მშიერი ადამიანი არ იყოს ქვეყანაში და ადამიანებს ნაგავსაყრელზე არ უწევდეთ საკვების ძიება. ამისათვის მაქვს კონკრეტული სტრატეგია, „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელიც არის ქვეყნის განვითარების გეგმა და გვაქვს დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. სხვა თუ აპირებს, რა თქმა უნდა, უნდა თქვას, მაგრამ თავისი გეგმა უნდა წარადგინოს რატომ, რისთვის, რა არის მთავარი მიზანი. ამიტომ დაველოდოთ, მე აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მე შემიძლია გითხრათ ის, რომ ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ გამარჯვებას, რადგან ჩვენსკენ არის სიმართლე, ჩვენ გვაწუხებს ხალხის პრობლემა, გაჭირვება, რომელიც საზოგადოებას აქვს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.