“სხვა სკამზე იჯდა” – მდინარაძის თქმით, გავრილოვი თავმჯდომარის სავარძელში არ მჯდარა

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სერგეი გავრილოვი 20 ივნისს არა პარლამენტის თავმჯდომარის, არამედ სხვა სკამზე იჯდა.

მისივე განცხადებით, შეცდომა პროტოკოლის თანამშრომელმა დაუშვა, რომელმაც გავრილოვს სკამი მიუტანა.

“წინა დღეს ირაკლი კობახიძემ უზრუნველყო ის, რომ… გავრილოვს რომ არ წაეყვანა ეს სხდომა, მისი ბერძენი თანათავმჯდომარე უნდა ყოფილიყო სხდომის წამყვანი. იმ კაცმა [გავრილოვმა] თავად პროტოკოლის რიგით თანამშრომელს უთხრა, ერთი სკამი მომიტანეო, პროტოკოლის თანამშრომელმა რა იცის?! მიუტანა სკამი და წამოსკუპდა.

თუ ასეთი საკრარული ნივთის გამოჩენა გინდათ, სხვა სკამზე იჯდა ის კაცი [გავრილოვი]. ასე პათეტიკურად გაგცემთ პასუხს. ამ 8-9 წლის განმავლობაში ამაზე უარესი არაფერი გახსნდებათ?! შეცდომა დაუშვა პროტოკოლის თანამშრომელმა, არავის ვაბრალებ, ჩვენი შეცდომა იყო ამ დარბაზში რომ შემოვუშვით”,– თქვა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.