ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩინეთისთვის ყველაზე მიუღებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულად. ტაივანის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა უკვე მიმართა მიტინგზე საკუთარ მხარდამჭერებს, რომლებიც ფავორიტის გამარჯვებას ზეიმობენ.მმართველი დემოკრატიულ–პროგრესული პარტიის კანდიდატი, ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი, უილიამ ლაი, იგივე ლაი ცინ დე  რომელიც თავს ტაივანის დემოკრატიული წესწყობილების დამცველს უწოდებს, მთავარმა ოპოზიციონერმა მთავარმა კონკურენტმა გამარჯვებულად ჯერ კიდევ ხმების დათვლის პროცესის დასრულებამდე აღიარა, მას შემდეგ, რაც  გამოიკვეთა, რომ პირველ ადგილზე გასული კანდიდატის უპირატესობა დაუძლეველი იყო.

მმართველი დემოკრატიულ პროგრესული პარტიის კანდიდატი, 64 წლის უილიამ ლაი საპრეზიდენტო მარათონის დაწყებიდანვე ფავორიტი იყო. ლაის უპირატესობა წინასაარჩევნო კვლევებითაც ცხადი იყო.

ჩინეთის ხელისუფლება მას სეპარატისტს უწოდებს.

მისი მთავარი ოპონენტი, ოპოზიციური პარტია გომინდანის კანდიდატი, ჰოუ იუი პირიქით, მატერიკულ ჩინეთთან დაახლოების მომხრეა.

დილიდან ტაივანის საარჩევნო უბნებთან  რიგები იყო ჯერ კიდევ უბნების გახსნამდე . არჩევნებში მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა.

ტაივანში ჩატარებულ არჩევნებს მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს, რადგან პეკინი კუნძულს ომით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებით ტაივანელები ჩინეთისგან ფორმალური დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოინდომებენ.

არჩევნების წინ ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს აქტივობა ტაივანის გარშემო. ტაივანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კუნძულის გარშემო ჰაერში რვა ჩინური სამხედრო თვითმფრინავი მოძრაობს, რომელთაგან ერთმა საჰაერო სივრცე დაარღვია დილის ექვს საათზე, სამხრეთ დასავლეთის მხრიდან, საარჩევნო უბნების გახსნამდე ცოტა ხნით ადრე.

დღევანდელ განცხადებაში თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ექვსმა ჩინურმა სამხედრო გემმა კუნძული რკალში მოაქცია.

ტაივანის შეიარაღებული ძალები აკვირდებიან სიტუაციას. საჰაერო საბრძოლო პატრულებს, სამხედრო საზღვაო ფლოტის გემებს და სახმელეთო სარაკეტო სისტემებს დაევალათ რეაგირება მტრულ ქმედებებზე საჭიროების შემთხვევაში – ნათქვამია ტაივანის სამხედრო უწყების განცხადებაში.

მანამდე აშშ–მ არაერთხელ განაცხადა, რომ  ჩინეთის მხრიდან ტაივანის მიმართ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში სიტუაციაში ჩაერევიან.

ჩინეთი ტაივანს მის სეპარატისტულ პროვინციად თვლის, ტაივანი კი თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს. მას საკუთარი კონსტიტუცია, ჯარი და არჩეული მთავრობა ჰყავს.

ტაივანის დამოუკიდებლობას რიგი სახელმწიფოებიც აღიარებენ. ამასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაც და ტაივანიც თავს დიდი ჩინეთის ნაწილად თვლიან.

ტაივანი მატერიკულ ჩინეთთან გაერთიანებას დასაშვებად თვლის, თუმცა არა ჩინეთის კომპარტიის მმართველობის ქვეშ, არამედ სტატუს ქვოს შენარჩუნების პირობით – ანუ ფორმალურად ერთად ყოფნით, ფაქტიურად კი ცალკე სახელმწიფოდ არსებობით.

გამოკითხვების თანახმად, ტაივანელების 90%–ს არ არ უნდა ჩინეთთან დაუყოვნებლივ გაერთიანება. თუმცა, ტაივანელების უმრავლესობას არც დამოუკიდებლობის გამოცხადება უნდა, რადგან ეს ნაბიჯი ჩინეთთან გარდაუვალ ომს გამოიწვევს.

შაბათს ბევრი ამომრჩეველი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ ხმას თავისუფლებას აძლევენ.

ამასთან, ტაივანელი სოციოლოგების თქმით, არჩევნების წინ კუნძულის მოსახლეობას უფრო მეტად ეკონომიკური პრობლემები აწუხებდა, ვიდრე ჩინეთთან ურთიერთობები.

გამარჯვებულმა კანდიდატმა თქვა, რომ ტაივანს ძალიან უნდა დიალოგი მატერიკულ ჩინეთთან, თუ დაცული იქნება პარიტეტი. მისი განცხადებით, აპირებს სტატუსქვო შეინარჩუნოს ტაივანის ყურეში, გამოიყენოს დიალოგი კონფრონტაციის ნაცვლად და მხად არის კუნძულის დასაცავად მუქარებისა და დაშინებისგან მატერიკული ჩინეთის მხრიდან.

ტაივანის არჩევნებს თვალს არა მხოლოდ ჩინეთის მთავრობა, არამედ რიგითი ჩინელებიც ადევნებენ. ჰეშთეგი “არჩევნები ტაივანში“ შაბათს დილით ჩინური სოციალური ქსელის, Weibo-ს ტრენდებში ლიდერობდა.

თუმცა, ჩინური ინტერნეტ ცენზურა სწრაფად ამუშავდა და ჰეშთეგი წაშალა, რის შემდეგაც ძიებიდან არჩევნების შესახებ პოსტები პრაქტიკულად გაქრა.

თუმცა, ძველი პოსტების კომენტირება კვლავ შესაძლებელია. კომენტატორთა დიდი ნაწილი ჩინეთის ხელისუფლების ხაზს მიყვება და ტაივანის შესაძლო დამოუკიდებლობის წინააღმდეგია.

“სამშობლო ერთიანი უნდა იყოს და იქნება ერთიანი“– წერს ერთ–ერთი მომხმარებელი. თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებებიც.

“რატომ არ გვაქვს ჩვენ არჩევნები. მეც მინდა ხმის მიცემა“– წერს ერთი მომხმარებელი.

“რატომ არ გვაქვს ჩვენ აქ, მატერიკზე ასეთი მოდელი. არასოდეს მინახავს არცერთი საარჩევნო უბანი და მხოლოდ ახალი ამბებიდან ვიგებ, ვინ დანიშნეს ჩვენთან ჩინონიკებად. არც კი ვიცი, ვინ არიან“– ნათქვამია კიდევ ერთ პოსტში, რომელსაც სოციალურ ქსელებში დიდი გავრცელება მოყვა.