ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

როდის ამოქმედდება საქართველოში ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიები ჯერჯერობით უცნობია. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციების და ბიზნესის საქმიანობის წესები მთავრობის დადგენილებით რეგულირდება, რომელიც 15 ივლისამდე მოქმედებს. ამ დადგენილებაში წერია, რომ ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების მუშაობა აკრძალულია, თუმცა მთავრობამ სხვადასხვა მუხლებთან დაკავშირებით განმარტა, რომ არ არის სავალდებულო ყველა მათგანმა 15 ივლისამდე იმოქმედოს და შეზღუდვების ნაწილი შესაძლოა მანამდეც გაუქმდეს.

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსხვილი საცალო ქსელების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ვირუსის გავრცელების პრევენციის ზომებს ატარებენ. მათ შორის არის ის, რომ გაუქმდება გასახდელები. ვინაიდან მომხმარებელს პროდუქციის ყიდვა მოზომვის გარეშე მოუწევს, გამარტივდება დაბრუნება–გადაცვლის პროცედურები. უკან დაბრუნებული ტანსაცმელი კი კარანტინში მოხვდება და მათ დეზინფექციას ჩაუტარებენ, ვინაიდან ტანსაცმელი ინფექციის გადატანის რისკის მატარებელია.

ქსელების მეპატრონეებს იმედი აქვთ, რომ შეზღუდვები მალე მოიხსნება და მუშაობას შეძლებენ, თუმცა ჯერ არ იციან, როდიდან შეძლებენ ოპერირებას.