ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ პარლამენტარის ხელფასით აქტივისტებს დაეხმარება

ევროპული საქართველოს წევრი ტარიელ ნაკაიძე, რომელმაც პარლამენტს ხელფასის მიღების მოთხოვნით მიმართა, ამბობს, რომ ამ ფულით აქტივისტებს დაეხმარება.

“მივიღე წერილი პარლამენტიდან. მთხოვდნენ, რომ გამეგზავნა, რათა მომხდარიყო ანგარიშზე ჩარიცხვა ჩემი კუთვნილი ხელფასისა, რომელიც ვთვლი, რომ წესით არ უნდა გვეკუთვნოდეს, იმიტომ, რომ რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ განცხადება და მივმართეთ წერილობთ პარლამენტს, რომ შეგვიწყვიტონ უფლებამოსილებები. მე ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა, რომ იმ ბრძოლაში, რომელიც დღეს ქართული ოცნების მიმართ დაუღლელად შრომობენ ადამიანები, აქტივისტები, რომლებსაც უჭირთ და არ აქვთ საშუალებები, რომ უფრო მეტად გააფართოვონ თავისი ბრძოლა, მე დავეხმარო მათ”,– ამბობს ნაკაიძე.

პარლამენტს ხელფასის ჩარიცხვის მოთხოვნით სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა. ესენი არიან, ტარიელ ნაკაიძე, პატრიოტთა ალიანსის წევრი ავთანდილ ენუქიძე და ენმ–ძალა ერთობაშიას წევრი ბაჩუკი ქარდავა.