ტატუნაშვილის მამა მთავრობაზე: როგორ შეიძლება ასეთი ლმობიერება ოკუპანტების მიმართ

არჩილ ტატუნაშვილის მამა გივი ტატუნაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ლმობიერია ოკუპანტების მიმართ, ამიტომ მკვლელების დასჯის იმედი არ აქვს.

“ისინი [არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები] ევროპაში და საქართველოში წამსვლელები არ არიან. თუ ვინმე დააკავებს, ეს უნდა გააკეთოს რუსეთმა. მოლოდინი არ მაქვს, ეგენი არ დაისჯებიან.

როგორ შეიძლება ასეთი ლმობიერება ოკუპანტების მიმართ. ასე რომ არ იყოს, ჩემი შვილის მკვლელები დღეს დაუსჯელები არ იქნებოდნენ”. – თქვა მან ფორმულასთან საუბრისას.

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. ის 38 წლის გახდებოდა.

ის საოკუპაციო ხაზიდან ოკუპანტებმა 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ წამებით მოკლეს და ცხედარი 26 დღის შემდეგ დააბრუნეს ექსპერტიზის მიხედვით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი ეტყობოდა.