ოჯახის წევრის მიმართ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ტელეწამყვანს, ლაშა ნაკაიძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. პროცესის დაწყების შემდეგ გააწყდა, რომ სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში წარიმართება, ვინაიდან განსახილველი საქმე სქესობრივ დანაშაულს ეხება. პროცესის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა და მას ბრალდებულის მხარეც დაეთანხმა.
ლაშა ნაკაიძე დანაშაულს არ აღიარებს.
სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ გირაოს შეფარდების მოთხოვნა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორი ნათია ნოზაძე ამბობს, რომ „სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად გაიზიარა ის გარემოება, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან პირველ რიგში, მოწმეებზე, მათ შორის, დაზარალებულზე ზემოქმედების საფრთხე და ასევე დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან გამომდინარე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე,” .
მისივე თქმით, დაზარალებულს დაზიანებებთან დაკავშირებით შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.
„დაზარალებულთან დაკავშირებით დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა და ყველა იმ დაზიანებასთან დაკავშირებით, რაც დაზარალებულს სხეულზე აღენიშნება, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა გაიცემა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ყველა ის დაზიანება, რაც შესაძლოა დაზარალებულს სხეულზე ჰქონდეს, იქნება ეს მოტეხილობა, სილურჯე თუ ა.შ.,” – აღნიშნა პროკურორმა.
ნათია ნოზაძის თქმით, დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიებაა.
„საქმეში არის წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებები და ა.შ. მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება ხდება, მათ შორის იქნება ეს ფოტომასალა თუ ა.შ,” – განაცხადა პროკურორმა.
“მთავარი არხის” დილის გადაცემის ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე 17 აგვისტოს დააკავეს.
მას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლებით. გამოძიების თანახმად, ნაკაიძემ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით – “დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ასევე, სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე”. ტელეწამყვანი ბრალს არ აღიარებს.