ტერაქტი მოსკოვის სავაჭრო ცენტრში – ათობით მოკლული და დაშავებული

მოსკოვში, სავაჭრო ცენტრ “კროკუს სითი ჰოლში“ ტერორისტულ თავდასხმა მოხდა.

შეიარაღებული ხალხი შენობაში შევიდა და სროლა დაიწყო ჯერ კიდევ შესასვლელში, შემდეგ შენობის შიგნით ჰოლში და საკონცერტო დარბაზში, სადაც ათასობით ადამიანი იმყოფებოდა.

თვითმხილველების თქმით, კროკუს სითი ჰოლში შეიარაღებული თავდასხმა სამი მიმართულებიდან დაიწყო.

თავდამსხმელები ახალგაზრდა, ქერა მამაკაცები იყვნენ კამუფლაჟებში. ზოგს ჯავშანჟილეტიც ეცვა.

მათი ნაწილი შენობაში მიწისქვეშა პარკინგიდან შევიდა. ზოგი კი ცენტრალური შესასვლელიდა. მათ ხელყუმბარაც ისროლეს, რის შედეგად შენობაში ხანძარი გაჩნდა.

ზოგიერთი წყაროს თქმით, არსებობს ვერსია, რომ თავდამსხმელებმა გაქცევა შეძლეს. თვითმხიველები ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახურების რეაგირება დაგვიანებული იყო.

რუსეთის ეფესბეს ინფორმაციით დაღუპულია მინიმუმ 40 ადამიანი.

ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთო.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელიც სავაჭრო ცენტრის შესასვლელშია გადაღებული. ვიდეოზე ჩანს, რომ შენობაში და შენობის წინ მინიმუმ 7 ცხედარია. მანამდე მედიაში გამოჩნდა სხვა რაკურსით გადაღებული ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ავტომატით შეიარაღებული ადამიანები შესასვლელ  კართან მყოფ ხალხს ესვრიან. სავარაუდოდ თავდასხმის დროს შენობაში 6000–ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.  დარბაზში, სადაც ჯგუფ “პიკნიკის “კონცერტი უნდა დაწყებულიყო, 6200 ადამიანი ეტევა, კონცერტის ყველა ბილეთი გაყიდული იყო.

მოსკოვში და სანკტ პეტერბურგში სავაჭრო ცენტრების ევაკუაცია დაიწყო.

რუსეთში “კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის ფაქტზე საქმე ტერორიზმის მუხლით აღიძრა.

მოსკოვში ყველა გასართობი ღონისძიება გაუქმდა.