ტესტების რაოდენობის გაზრდა და ინფიცირებულთა მატება პირდაპირპროპორციულია – რატიანი

თბილისის საუნივერსიტეტი კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ რაც მეტ ტესტს ჩაატარებს მთავრობა, ინფიცირებულიც მეტი იქნება, რადგან ეს ორი პირდაპირ არის ერთმანეთთან დაკავშირებული.

“პანიკის საფუძველს იმიტომ არ გვაძლევს ეს მაჩვენებელი, რომ როგორც ვიცით, ტესტების რაოდენობა მასშტაბურად გაიზარდა წინა თვეებთან შედარებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფიცირებულთა რაოდენობაც გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, პირდაპირპროპორციულ კავშირშია ტესტირება წესით და კანონით ინფიცირებასთან. ანუ რაც უფრო მეტ ტესტს ჩავატარებთ, უფრო მეტი ინციდენტობის მაჩვენებელი შეიძლება მივიღოთ.

მესმის, არის გაორმაგებული შემთხვევები, არის ტენდენცია ზრდისკენ, მაგერამ ეს არ გვაძლევს საფუძველს, რომ მაინცდამაინც უნდა ვინერვიულოთ, მაინცდამაინც უნდა ვთქვათ – ვაიმე, რა გვეშველება და ასე შემდეგ”,– ამბობს ლევან რატიანი ტვ პირველის ეთერში.

დღეს კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, გუშინ 12 ათასი ტესტი ჩაატარეს და ინფიცირებული 158 იყო, დღეს კი 9 ათასი ტესტიდან 152 აღმოჩნდა კოვიდდადებითი. მისი თქმით, ინფიცირებულების რაიოდენობის კლება სწორედ ტესტებს სხვაობას უკავშირდება.