დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო კორონავირუსის ტესტების ჩატარებაზე “დიდ ფულს ხარჯავს”, ამიტომ, მისი თქმით, ესენციური ჯგუფები სექტემბრიდან საკუთარი ხარჯით გაიტესტებიან, თუ არ იქნებიან ორჯერადად ვაქცინირებულები.
მისი განმარტებით, საქმე ეხება ჯგუფებს, რომლებიც სისტემატურად იტესტებიან, მათ შორის სავაჭრო მოლებში მომუშავე პერსონალი, მასწავლებლებისა და პოლიციის გარკვეული ჯგუფები და ა.შ.
“სადღაც სექტემბრის 15–დან ვფიქრობთ, რომ ის ესენციური ჯგუფები, რომლებიც აუცილებლად იტესტებიან სახელმწიფოს მიერ, აღარ გაიტესტებიან სახელმწიფოს დაფინანსებით, მათ ვალდებულება ექნებათ, რომ ტესტი ჩაიტარონ. თუ ვაქცინირებული იქნებიან ორჯერ, მაშინ ისევ სახელმწიფო დააფინანსებს ამას, თუ არ იქნებიან, მაშინ ან დამსაქმებელმა, ან თვითონ უნდა გადაიხადონ. იმიტომ რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს უფასოდ მათთვის ვაქცინის მიწოდებას, კეთილი ინებონ და აიცრან, თუ არადა ვალდებულებაა, რომ ისინი ორ კვირაში ერთხელ, ზოგი კვირაში ერთხელ”,– თქვა გამყრელიძემ.