თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.
როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკიდან გაეწერა ერთი მედპერსონალიც, ხოლო კიდევ რამდენიმე მედიკოსი კლინიკიდან, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაეწერება.
„ამ ეტაპზე კლინიკაში იმყოფება 61 პაციენტი. დღეს კლინიკიდან ეწერება სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი. გაგზავნილი გვაქვს კიდევ რამდენიმე ტესტი, თუ მოვიდა განმეორებით უარყოფითი პასუხი, ისინი დღის მეორე ნახევარში დატოვებენ კლინიკას.
რაც შეეხება მედპერსონალს, რომელიც ჩვენ კლინიკაშია, ერთი მათგანი გაეწერა და რამდენიმე რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია. როდესაც გავა პროტოკოლით გათვალისწინებული პერიოდი, ისინიც რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას“,- განაცხადა რატიანმა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ტესტირების დიდი რაოდენობის მიუხედავად, ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდა,
„ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რიცხვი გაიზარდა, რაც ყველას, მათ შორის მე და მედპერსონალს გვახარებს“,- განაცხადა რატიანმა.