საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ ჰესის აშენებით ყურძნის ენდემური ჯიშები გაქრება.
“არ არსებობს მსოფლიოში მაღალმთიანი, ლამაზი ადგილი, სადაც ხალხი არ ცხოვრობდეს მდიდრულად. ამ ადგილების განადგურება ნიშნავს პრაქტიკულად იმას, რომ კარგავ მთავარ პოტენციალს. თუ შენ გააქრე მდინარე, გააქრე უნიკალური ენდემური ჯიშები, როგორიც არის მაგალითად ტვიში და უსახელაური, რომელიც ავტომატურად ქრება, როცა ამას აკეთებ. მე ამას ვამბობ, როგორც მეღვინე და ეს კარგად გვაქვს შესწავლილი. მათ ყველა მიწის ნაკვეთზე უნდა იდგეს თითო სასტუმრო, ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს შემოსავლის მუდმივი წყარო და მთელი მსოფლიოდან ტურისტები”,– ამბობს სააკაშვილი მთავარი არხის ეთერში.
მისივე განცხადებით, ნამახვანჰესის მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის ინტერესია.
“ეს არის იმხელა საგანძური, რომ უბრალოდ უნდა გესმოდეთ, არსებობს ენერგიის წარმოების ბევრი სხვა საშუალება, ქარის ტურბინები, მზის ენერგია, უამრავი სხვა რაღაცა. ხელები შორს ქართული ბუნებისგან, საქართველოს სჭირდება კონკრეტული, გრძელვადიანი, სწორი განვითარება, რათა ხალხისგან არ დაცალოს. რაც შეეხება ნამახვანს, ვიცით, რომელი კაცის ინტერესია ჩადებული, საქართველოში ივანიშვილის ინტერესის გარეშე არც ერთი ჰესი არ შენდება. დარმწუნებული ვარ, საბოლო ჯამში ხალხი გაიმარჯვებს ამ და ყველა სხვა საკითხში, ხალხის ენერგიას წინ ვერაფერი აღუდგება”,– ამბობს სააკაშვილი.
დღეს ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობა მრავალმა ათასმა ადამიანმა გააპროტესტა. აქციის მონაწილეები ითხოვენ, ჰესი არ აშენდეს და ტერიტორია ივენსტორმა დატოვოს.