თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში ბრალდებულებს, ვანო ბურდულს და დავით ქოჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების 7000 და 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეზე მიუთითებდა. პროკურორ ნათია გურულის თქმით, ერთ-ერთ ბრალდებულს ძალადობრივი ქმედება პოლიციის ჩართულობის შემდეგაც აქვს განხორციელებული.
პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა გაიზიარა.
5 ივლისს მედიაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაშავდა 53 ადამიანი, მათ შორის ლექსო ლაშქარავა – ტვ პირველის ოპერატორი 11 ივლისს გარდაიცვალა.