“ტვ პირველმა” განჩინება სააპელაციოში გაასაჩივრა

ტელეკომპანია “პირველის” ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც, საქალაქო სასამართლოს  იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელიც საქალაქო სასამართლომ მიიღო და პროკურატურას ამით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება მისცა. ადვოკატის თქმით,  ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების მიუხედავად, რომ არავინ ტელევიზიაში შეჭრას არ აპირებენ, საფრთხე მაინც იარსებებს მანამ სანამ იარსებებს სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მათ შეჭრის უფლება ექნებათ. დოკუმენტი კი თავის მხრივ უკანონო და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას გულისხმობს.

ცნობისთვის, 6 მარტს ტელეკომპანია “პირველმა”  აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც მოქმედი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილი – ბერა ფიგურირებენ. ჩანაწერებიდან ირკვევა თუ როგორ  აგზავნიდა ბერა ივანიშვილი  ანზორ ჩუბინიძეს იმ მოზარდების დასასჯელად, რომლებიც ინტერნეტ-სივრცეში ბერას და მის ოჯახს  აკრიტიკებდნენ ან აგინებდნენ.

აღნიშნული აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, საქალაქო სასამართლომ  პროკურატურას ნება დართო ჩანაწერების შემცველი ელექტრომატარებლები ტვ პირველიდან ამოიღოს, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი “გამოიყენოს პროპორციული ზომები”.