ტიკარაძის თქმით, პიკურ პერიოდში, დღიურად მაქსიმუმ 100 პაციენტის დაინფიცირდების მოლოდინი აქვს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თავდაპირველად მოლოდინი ჰქონდათ, რომ ყოველდღე 400 ახალი ინფიცირებულის მიღება მოუწევდა ჯანდაცვის სისტემას, თუცა ახლა ეს მოლოდინი აღარ აქვთ.

მინისტრის თქმით, ეს იყო ყველაზე უარესი სცენარი, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებებმა სიტუაცია შეცვალა. ამიტომ დღეს პიკურ პერიოდში მაქსიმუმ 100 ინფიცირებულს ელოდებიან.

,,პირველად ჩვენი მოლოდინი, ყველაზე ცუდი სცენარით იყო ისეთი, რომ პიკური პერიოდი დამდგარიყო ბევრად ადრე და ეს ყოფილიყო მარტის შუა რიცხვები, რის შედეგადაც ჩვენი მოლოდინი იყო 400 პაციენტის ნაკადის მიღება ყოველდღიურ რეჟიმში და ეს მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ მოცულობების გამტარიანობას, რაც საქართველოს ჰოსპიტლებში გაგვაჩნია.

სწორედ ამის გამო გვქონდა მაქსიმალური მობილიზაცია გამოცხადებული, რის შედეგადაც მოვახდინეთ პიკური პერიოდის გადავადება და იმ ნაკადების მოცულობა, რომლის მოლოდინიც გვქონდა, მნიშვნელოვნად არის შემცირებული დღევანდელი სცენარის გაანგარიშებით –  პიკურ პერიოდში ყველაზე მაღალი მოლოდინი არის 100 პაციენტი ყოველდღიურ რეჟიმში და არა – უმეტეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს პროცესი ჯერ კიდევ მართულია, თუმცა მართვის მენეჯმენტის ხარისხის მეტად გაუმჯობესება მთავარი გამოწვევაა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 39 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 გარდაიცვალა.