ტოკიოს ჰანედას აეროპორტში იაპონიის ავიახაზების (Japan Airlines)-ის სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. მსოფლიო მედია პირდაპირ ეთერში გადასცემდა ცეცხლმოდებული თვითმფრინავის კადრებს ასაფრენი ბილიკიდან, რომელშიც 379 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.
ავიაკომპანიის ინფორმაციით ალმოდებული თვითმფრინავიდან ყველა მგზავრის და ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია მოხდა.
კადრებში ჩანს უზარმაზარი ცეცხლი, რომელიც თვითმფრინავს მოედო. მეხანძრეები ცეცხლს დიდხანს ებრძოდნენ, თუმცა თვითმფრინავი პრაქტიკულად მთლიანად დაიწვა.
სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, 2021 წელს გამოშვებული Airbus A350–ია. ის რეისს კუნძულ ჰოკაიდოზე მდებარე ნიუ ჩიტოზის აეროპორტიდან ტოკიოს მიმართულებით ასრულებდა.
იაპონური მაუწყებლის კადრებში ჩანან მგზავრები, რომლებიც ალმოდებული თვითმფრინავიდან გასაბერ პანდუსზე ხტებოდნენ გადასარჩენად.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ოფიციალურად არ არის დადასტურებული, თუმცა სააგენტო Reuters-მა და იაპონურმა მაუწყებელმა განაცხადეს, რომ იაპონიის ავიახაზების რეისი შესაძლოა ჰანედაში დაშვების შემდეგ იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავს შეეჯახა .
იაპონური მედიის ინფორმაციით, სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ერთი ადამიანი გადაარჩინეს, დანარჩენი ხუთი კი დაკარგულად ითვლება.
სანაპირო დაცვა ამბობს, რომ მისი თვითმფრინავი, რომელიც სავარაუდოდ სამგზავრო თვითმფრინავს შეეჯახა, ნიიგატას აეროპორტისკენ უნდა გაფრენილიყო, რათა დახმარება მიეწოდებინა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის ნოტოს ნახევარკუნძულზე.
Flightradar-ის ვებგვერდის ცნობით, თვითმფრინავი ჰანედას აეროპორტში ადგილობრივი დროით 17:47 საათზე დაეშვა.
ჰანედას აეროპორტმა ინციდენტის შემდეგ ყველა ასაფრენი ბილიკი დახურა.