ტრაგედიის ადგილი და სამი ახალი გვარი ბაჩალიაშვილის საქმეში – ელისო კილაძე დეტალებზე

ჟურნალისტი ელისო კილაძე “მთახვარ არხზე” გადაცემაში “მთავარი აქცენტები”  მისი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის დეტალებზე საუბრობს, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებას ეხება. გასულ კვირას ელისო კილაძემ განაცხადა, რომ მას ამერიკული ნომრიდან დაურეკეს და მიაწოდეს საკადასტრო კოდი იმ ადგილისა, სადაც სავარაუდოდ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს, ოთხი დღის შემდეგ კი მისი მანქანა და ცხედარი იმ ადგილზე მიიტანეს, სადაც მოგვიანებით ის მწყემსმა იპოვნა. ელისო კილაძის თქმით, საკადასტრო კოდი არის სასტუმროს მაგვარი შენობის – „ვილა ალგეთის„, რომელიც სოფელ მაწევანთან ახლოს მდებარეობს, სადაც გარდაცვლილი ბაჩალიაშვილი იპოვნეს.  კილაძე ამბობს იმასაც, რომ წყარომ სამი გვარი დაუსახელა.

 “დამისვა კითხვა – აგრძელებთ თუ არა ბაჩალიაშვილის საქმეზე მუშაობას? ჩემი დადებითი პასუხის შემდეგ მითხრა, რომ მან გადაწყვიტა მომაწოდოს ინფრომაცია იმის თაობაზე,რომ სად დაიწყო ბაჩალიაშვილის ტრაგედია, რომ ის ადგილი სადაც მანქანა იპოვეს არის ბოლო ადგილი რალურად და დასაწყისი არის სხვაგან და ამის შემდეგ მე ის მიგდებს ლოკაციას… და დამისახელა სამი გვარი, – ამბობს კილაძე.

გადაცემაში კილაძემ წყაროს მიერ დასახელებული ლოკაცია და სამი პირის სახელი და გვარი გაასაჯაროვა.

დასახელებული სამი პიროვნება კილაძის ინფორმაციით, არის გიორგი ღარიბაშვილი, რომელიც ვილა “ალგეთის” მეპატრონეა. ქონებასთან დაიპტერესებული პირი არის პარლამენტის წევრი და “ქართუ ბანკის” იურიდიული სამხახურის ყოფილი უფროსი, გურამ მაჭარაშვილი. სწორედ აღნიშნული ვილა არის იპოთეკით დატვირთული “ქართუ ბანკში”. მესამე პიროვნება არის თეიმურაზ ჯავახიშვილი, რომელიც ელისო კილაძის თქმით, დაკავშირებულია შავ სამყაროსთან.

ელისო კილაძე ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატებთან ერთად ადგილზეც იყო ჩასული. როგორც ადვოკატები და კილაძე ამბობენ, მათ ადგილობრივებმა უთხრეს, რომ სწორ გზაზე დგანან. ელისო კილაძე ამბობს, რომ ვილა ალგეთიდან სავარაუდოდ ბაჩალიაშვილის მანქანა ტყეში, საბოლოო ადგილზე ევაკუატორით მიიტანეს, და ეს შესაძლებელია, რადგან არსებობს გზები, რომლებიც ვილა ალგეთს სოფელ მაწევანის მიმდებარე ტყესთან აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს ბაჩალიაშვილის ადვოკატმა თქვა, რომ სატელიტის კადრებში, 19 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას იქ, სადაც ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 22 ივლისს კი ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ნახეს.