ტრამპზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია. ის მოკლულია

მამაკაცი, რომელმაც დონალდ ტრამპის მოკვლა სცადა, არის 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი, ნათქვამია აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში.

კრუქსი პენსილვანიიდან,ბეთელ პარკიდან იყო განაცხადა FBI-მ.

ეს ქალაქი ბატლერიდან დაახლოებით 70 კილომეტრშია, სადაც მკვლელობის მცდელობა მოხდა.

CNN წერს, რომ კრუქსმა სკოლა 2022 წელს დაამთავრა, და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა ყოფილიყო პირველი არჩევნები, რომელშიც მას ხმის მიცემის უფლება ექნებოდა. ამასთან, ის, ისევე როგორც ტრამპი, რესპუბლიკელია, თუმცა 2021 წელს მან დემოკრატებს მცირე თანხა შესწირა.

„აქტიური გამოძიება გრძელდება და ნებისმიერს, ვისაც აქვს ინფორმაცია, რომელიც შეიძლება დაეხმაროს გამოძიებას, ვთხოვთ გამოაგზავნონ ფოტოები ან ვიდეოები ონლაინ“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაცვამ სწრაფად გაიყვანა სცენიდან პენსილვანიაში გამართული მიტინგის დროს მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათის წინ მას “ზემოდან” რამდენჯერმე ესროლეს.

როგორც ჩანს, საუბარია აქციის მოედნის მიმდებარედ სამრეწველო შენობის სახურავზე.  მსროლელსა და ტრამპს შორის მანძილი დაახლოებით 130 მეტრი იყო. გასროლის შემდეგ თავდამსხმელს საიდუმლო სამსახურმა ესროლა და მოკლა.

ტრამპი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან და ის თავის სახლში ნიუ ჯერსიში დაბრუნდა.

საარჩევნო აქციაზე მისულთაგან გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა. ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულები ზრდასრული მამაკაცები იყვნენ. მათი ვინაობა ჯერ არ სახელდება.

პრესკონფერენციაზე FBI-ის ოფიცერმა კევინ როხაკმა დაადასტურა, რომ ინციდენტი განიხილება როგორც მკვლელობის მცდელობა.

„ამ საღამოს იყო ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა“, – თქვა მან. სასწრაფო დახმარების სამსახურები აგრძელებენ მუშაობას, დასძინა მან და აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე რამდენიმე აგენტია მობილიზებული.

რესპუბლიკური ეროვნული კომიტეტის (RNC) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპი “თავს კარგად გრძნობს” და მადლიერია სამართალდამცავების მიმართ.

ტრამპის კამპანიისა და RNC-ის განცხადებაში ნათქვამია, “ტრამპი მოუთმენლად ელის, რომ შემოგიერთდეთ მილუოკიში, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ კონვენციას, რათა მისი კანდიდატურა დავაყენოთ შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად ჩვენი პარტიიდან“.

Truth Social, ტრამპის მიერ დაარსებულმა პლატფორმამ, განცხადება გაავრცელა @realDonaldTrump ანგარიშის მეშვეობით. იგი მადლობას უხდის სამართალდამცავებს და საიდუმლო სამსახურს „სწრაფი რეაგირებისთვის“ და თანაგრძნობას უცხადებს აქციაზე დაღუპული და დაშავებულების ოჯახებს.

ამერიკელმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის ყოფილმა პრეზიდენტებმა ბილ კლინტონმა, ჯორჯ ბუშმა და ბარაკ ობამამ, ერთხმად დაგმეს სროლა და განაცხადეს, რომ შეერთებულ შტატებში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ უნდა იყოს. „მოხარული ვარ იმის მოსმენით, რომ ის [ტრამპი] უსაფრთხოდ არის და თავს კარგად გრძნობს“, – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ში პრეზიდენტის ან ამ თანამდებობაზე კანდიდატის სიცოცხლის მოსპობის ბოლო მცდელობა 1981 წელს იყო. მაშინ პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და მისი 3 ადამიანი მისი გარემოცვიდან დაიჭრნენ ვაშინგტონში სასტუმროდან გამოსვლისას.