კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თეთრ სახლში გამართული ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტ ზელენსკის რეიტინგი 67%-მდე გაიზარდა. ტრამპთან შეხვედრამდე, უკრაინის მეთაურს უკრაინელების 57% ენდობოდა, 37% – არ ენდობოდა.
„პრეზიდენტისადმი ნდობა ოდნავ დაბალია აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგრამ ამ რეგიონშიც კი უმრავლესობა ენდობა ზელენსკის – 60%, ხოლო 36% არ ენდობა. სხვა რეგიონებში (დასავლეთი, ცენტრი, სამხრეთი) მას ენდობა 66-69%, ხოლო 28-30% არ ენდობა“ – წერს Ukrainska Pravda.
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის, აღმასრულებელი დირექტორი ანტონ ხრუშეცკი ამბობს, რომ “პრეზიდენტისადმი ერთიანობისა და ნდობის გაზრდის მთავარი მიზეზი არ არის მასზე თავდასხმები. უკრაინელები აშშ-ის ახალი მთავრობის რიტორიკას აღიქვამენ, როგორც თავდასხმას მთელ უკრაინაზე და ყველა უკრაინელზე”.
კვლევის ფარგლებში სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით გამოკითხული იქნა 1029 რესპონდენტი. გამოკითხვა ჩატარდა უკრაინის სრულწლოვან (18 წლის და უფროსი ასაკის) მოქალაქეებთან, რომლებიც კვლევის დროს ცხოვრობდნენ უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
„ფორმალურად, ნორმალურ პირობებში, ასეთი ნიმუშის სტატისტიკური ცდომილება (0.95 ალბათობით და 1.3 დიზაინის ეფექტის გათვალისწინებით) არ აღემატებოდა 4.1% 50-თან ახლოს ინდიკატორებისთვის, 3.5% 25-თან ახლოს მაჩვენებლებისთვის, 2.5% 10-თან ახლოს ინდიკატორებისთვის, 1.8% ინდიკატორებისთვის.ომის პირობებში, მითითებული ფორმალური ცდომილების გარდა, ემატება გარკვეული სისტემატური გადახრა. ზოგადად, მიგვაჩნია, რომ მიღებული შედეგები ჯერ კიდევ უაღრესად წარმომადგენლობითია და მოსახლეობის საზოგადოებრივი განწყობის საკმაოდ სანდო ანალიზის საშუალებას იძლევა“, – აცხადებს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტი.