ტრამპის ბრძანება 7 ფედერალურ სააგენტოში შემცირებების შესახებ „რადიო თავისუფლების“ და „ამერიკის ხმის“ არსებობას საფრთხეს უქმნის

აშშ–ს შვიდ ფედერალურ სააგენტოში შემცირებები იწყება, მათ შორის USAGM-ში, რომელიც  „რადიო თავისუფლებას“ და „ამერიკის ხმას“ ზედამხედველობს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა განკარგულება შვიდი ფედერალური სააგენტოს შტატების მნიშვნელოვნად შემცირების შესახებ, რაც მისი „სახელმწიფო ბიუროკრატიის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ხორციელდება.

თეთრი სახლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში ჩამოთვლილია ორგანიზაციები, რომლებმაც უნდა „შეამცირონ თავიანთი სტატუტური ფუნქციების შესრულება და პერსონალი მინიმალურ დონემდე, რაც კანონით მოთხოვნილია“.

მათ შორისაა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), რომელიც ზედამხედველობს ხუთ დიდ ამერიკულ მედია-კორპორაციას, რომლებიც 49 ენაზე მაუწყებლობენ, მათ შორის „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ (რუსეთის ხელისუფლებამ „რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ „უცხოური აგენტების“ რეესტრში შეიყვანა).

ასევე, სიაში შევიდა მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების მართვის სამსახური,  უმცირესობათა ბიზნესის განვითარების სააგენტო, აშშ-ის უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობასთან ბრძოლის საკითხებში და სხვა.

ტრამპის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მისი გამოქვეყნებიდან შვიდი დღის განმავლობაში, ანუ 21 მარტამდე, შვიდი სააგენტოს ხელმძღვანელებმა უნდა წარუდგინონ მენეჯმენტისა და ბიუჯეტის სამმართველოს დირექტორს ანგარიში, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ სრულად შეასრულეს შემცირებისა და ბიუჯეტის რეორგანიზაციის მოთხოვნები.

რამდენიმე საათში განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ, ჟურნალისტმა ტარა პალმერიმ X-ში (ყოფილი Twitter) გამოაქვეყნა წერილი, რომელიც, სავარაუდოდ, USAGM-ისგან იყო მიღებული. წერილში საუბარია გრანტის შეწყვეტაზე, რომელიც „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას“ აფინანსებდა, მიუხედავად იმისა, რომ გრანტს აშშ-ის კონგრესმა მხარდაჭერა გამოუცხადა.

წერილს ხელს აწერს კერი ლეიკი, რომელმაც თავისი თანამდებობად  „USAGM-ის უფროსი მრჩეველს უთითებს, რომელიც ასრულებს გენერალური დირექტორის მოვალეობას დელეგირებული უფლებამოსილებით“.

ლეიკი, რომელიც წარსულში ტელეწამყვანი და არიზონის გუბერნატორის პოსტზე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი იყო, ტრამპმა „ამერიკის ხმის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინა. თუმცა, მისი კანდიდატურა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭომ მაუწყებლობის საკითხებში.

ტრამპის განკარგულების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, ლეიკმა განაცხადა, რომ წყვეტს თანამშრომლობას სამ უდიდეს საინფორმაციო სააგენტოსთან — Associated Press, Reuters და France Press. მისი გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, USAGM-ის დაქვემდებარებაში მყოფი მედიაორგანიზაციების, მათ შორის „რადიო თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებს, ჩამოაშორებს ამ სააგენტოების მიერ მოწოდებულ ახალ ამბებს, ვიდეოებსა და ფოტოებს.

სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) მან განმარტა, რომ ასეთი ხანგრძლივი და პატივსაცემი ორგანიზაცია, როგორიც USAGM-ია, არ უნდა ყიდულობდეს ახალ ამბებს სხვებისგან, არამედ თავად უნდა აწარმოებდეს მათ.

სხვადასხვა მედიის წყაროებმა „ამერიკის ხმაში“ დაადასტურეს, რომ ყველა თანამშრომელმა მიიღო ელექტრონული წერილი, რომელშიც ეუწყათ, რომ ამ ეტაპზე ისინი გადადიან ანაზღაურებად შვებულებაში.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) მოუწოდა აშშ-ის კონგრესის ხელმძღვანელობას, მიიღოს ზომები USAGM-ის დასაცავად ტრამპის განკარგულების შედეგებისგან.

„აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ თეთრი სახლი ცდილობს კონგრესის მიერ დამტკიცებული სააგენტოს დაფინანსების შემცირებას, მაშინ როცა ის მთელ მსოფლიოში ავტორიტარული რეჟიმების ნარატივებს უპირისპირდება“, — განაცხადა CPJ-ის პროგრამის დირექტორმა, კარლოს მარტინეს დე ლა სერნამ.

„რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ გრანტის გაუქმება უზარმაზარი საჩუქარი იქნება ამერიკის მტრებისთვის,“ — აღნიშნა RFE/RL-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა სტივენ კაპუსმა. „ირანის აიათოლები, ჩინელი კომუნისტი ლიდერები, ასევე ავტოკრატები მოსკოვსა და მინსკში იზეიმებენ RFE/RL-ის დახურვას 75-წლიანი არსებობის შემდეგ. ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის გამარჯვების მინიჭება მათ აძლიერებს, ხოლო ამერიკას ასუსტებს.“

„ამერიკის ხმის“ გენერალურმა დირექტორმა, მაიკლ აბრამოვიცმა, განაცხადა, რომ მიღებული ზომები „Voice of America-ს თავისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მისიის შესრულების საშუალებას ართმევს“:

„ეს მისია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა ამერიკის მოწინააღმდეგეები, როგორიცაა ირანი, ჩინეთი და რუსეთი, მილიარდებს ხარჯავენ ყალბი ამბების შესაქმნელად, რათა აშშ-ის დისკრედიტაცია მოახდინონ.“

აბრამოვიცმა ასევე აღნიშნა, რომ „ამერიკის ხმის“ თითქმის ყველა თანამშრომელი — 1300-ზე მეტი ჟურნალისტი, პროდიუსერი და დამხმარე პერსონალი — ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს, მათ შორის ისიც.

USAGM ზედამხედველობს მაუწყებლებს, რომლებიც 49 ენაზე მუშაობენ, მათი საერთო ყოველკვირეული აუდიტორია კი 361 მილიონზე მეტ ადამიანს აღწევს. 2025 წლისთვის ორგანიზაციის ბიუჯეტის მოთხოვნა 950 მილიონ დოლარს შეადგენდა.