დონალდ ტრამპის მინისტრთა კაბინეტს მინისტრები ტოვებენ. თანამდებობიდან გადადგა აშშ-ის განათლების მინისტრი ბეტსი დევოსი, რომელმაც ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დააკისრა.
დევოსმა უსინდისობა უწოდა კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მომხრეების შეჭრას. ბეტსი დევოსის განცხადებით, სიტუაციაზე გავლენა მოახდინა პრეზიდენტის რიტორიკამ და ეს მისთვის გარდამტეხი მომენტი იყო.
“ჩვენ ბავშვები გვიყურებენ, რომლებზეც გავლენის მოხდენა მარტივია. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამერიკა იმაზე უკეთესია, ვიდრე ეს გუშინ გამოჩნდა”, -თქვა დევოსმა.
თანამდებობა ასევე დატოვა აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა ელეინ ჩაომ. მისი შეფასებით, ვაშინგტონში მომხდარი ძალადობა პროვოცირებული იყო დონალდ ტრამპის რიტორიკით.
გარდა ამისა, ტრამპის გუნდიდან წავიდა პრესს მდივნის მოადგილე სარა მათეუსი, პირველი ლედის მელანია ტრამპის შტაბის უფროსი, სტეფანი გრიშამი და თეთრი სახლის სოციალური მდივანი რიკი ნიცეტა.
ასევე, ტრამპის უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილე მეტ პოტინგერი.
ცნობისთვის, 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმთან შეკრებილმა ტრამპის მხარდამჭერებმა ბარიკადები გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ.
ვაშინგტონის პოლიციის ცნობით, შტურმს 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავიც. აშშ–ის არმიამ სიტუაციის დეესკალაციის მიზნით კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ნაციონალური გვარდია შეიყვანა. მათ 52 დემონსტრანტი დააკავეს.
მას შემდეგ რაც კაპიტოლიუმში ვითარება განიმუხტა, კონგრესმა ჯო ბაიდენი პრეზიდენტად ოფიციალურად დაამტკიცა. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.