ტრამპის მომხრეები სენატში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების საბოლოოდ დამტკიცება მიმდინარეობდა

აშშ–ს კონგრესში, რომელიც ოთხშაბათს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სერტიფიცრებისა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების საბოლოოდ დასამტკიცებლად შეიკრიბა დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ. ტრამპის მომხრეები კონგრესის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავდნენ.

დღევანდელი სხდომით უნდა დასრულებულიყო 46-ე არჩეული პრეზიდენტის გამარჯვების გამოცხადების ოფიციალური მხარე. ეს მხოლოდ ფორმალური პროცედურაა და ცერემონიულ ხასიათს ატარებს. ის რამდენიმე საუკუნის წინ დამკვიდრდა. ტრადიციულად ბოლო ნაბიჯი კი ინაუგარაცია იქნება, რომელიც 20 იანვარს იგეგმება. თუმცა ტრამის მხარდამჭერების შენობაში შეჭრის გამო სენატის სხდომა შეწყდა.

არჩევნებში დამარცხებული დონალდ ტრამპი ცდილობს ჩაშალოს პროცედურა, რომლითაც ბაიდენი აშშ–ს პრეზიდენტად საბოლოოდ დამტკიცდება. სენატის სხდომის დაწყებამდე ვაშინგტონის ცენტრში მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას მან მხარდამჭერებს  მოუწოდა კაპიტოლიუმის შენობისკენ წასვლა და განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

ამერიკული ტელევიზიები აჩვენებენ კადრებს, რომლებზეც ჩანს, რომ ამერიკული დროშებით და ლოზუნგებით შეიარაღებული ტრამპის მხარდამჭერები პარლამენტის კომპლექსის კორიდორებში დადიან.

უფრო ვრცლად ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენები და ფოტოები ნახეთ აქ