“ტრამპის პრეზიდენტობა შეიძლება იყოს დიდი გამარჯვება მთელი  მსოფლიოსთვის”– ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ტრამპის პრეზიდენტობა “შეიძლება იყოს ზუსტად ის, რაც მსოფლიოს სჭირდება”.

ბრიტანულ  გამოცემა Daily Mail–ში დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ბორის ჯონსონის სვეტი გამოქვეყნდა, რომელიც უკრაინის ომს ეხება. სვეტში ჯონსონი საუბრობს ტრამპის შესაძლო გაპრეზიდენტებაზე და ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკა უკრაინას მიატოვებს:

“ჩემი აზრები, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა უკრაინას ეხება. მათ შეუძლიათ გამარჯვება, მათ უნდა გაიმარჯონ და ისინი გაიმარჯვებენ.  ამას დასჭირდება მოთმინება და მონდომება მათი მეგობრებისგან დასავლეთში – და ამიტომაც, დიახ, მე მაწუხებს კაპიტულანტური სისულელეები, რომლებსაც ვკითხულობ.  და მაწუხებს ის აზრი, რომ   რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთ წევრს, როგორც ჩანს, სურს გაწიროს  სუვერენული და დემოკრატიული ევროპული ქვეყანა სიბნელისა და ტირანიისთვის.

ჯერ ჰკითხეთ საკუთარ თავს: ამერიკის რომელი პრეზიდენტი იყო პირველი, ვინც დაიცვა უკრაინა 2014 წელს პუტინის შეჭრის შემდეგ?

იყო ეს  დიდი ლიბერალ–ინტერნაციონალისტი ბარაკ ობამა? Არა სერ. მას არაფერი გაუკეთებია უკრაინიდან პუტინის განდევნისთვის – არც ყირიმიდან და არც დონბასიდან. არც ფრანგებმა და არც გერმანელებმა ეს არ გააკეთეს და არც მაშინდელი ბრიტანეთის მთავრობამ, რომელმაც ერთგვარი იდუმალებით  გადაწყვიტა ხელები დაებანა და უკრაინელების ბედი მიენდო მორალურად  გაკოტრებული “ნორმანდიის ფორმატისთვის“.

ეს იყო ტრამპი, აღნიშნავს ჯონსონი, რომელმაც უკრაინელებს გადასცა Javelin ATGM, რომელიც ასე ღირებული იყო უკრაინელებისთვის კიევისთვის ბრძოლაში; და ნაწილობრივ მაინც ტრამპის გაბედული გადაწყვეტილების წყალობით, უკრაინელებმა „შეძლეს მსოფლიოს განცვიფრება და პუტინის ჯარები აიძულეს გაქცეულიყვნენ უკრაინის დედაქალაქიდან“. – წერს ჯონსონი.

ჯონსონის თქმით, მას “უბრალოდ არ შეუძლია დაიჯეროს”, რომ ტრამპი უკრაინელებს მიატოვებს. პირიქით, ვარაუდობს პოლიტიკოსი, ალბათ ტრამპი მიხვდება, რომ ვერ მიაღწევს შეთანხმებას პუტინთან და გააორმაგებს ძალისხმევას, მისცემს უკრაინას ყველაფერს, რაც მას სჭირდება გამარჯვებისთვის. მისი თქმით, ტრამპი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი ბოლო 4 წლის განმავლობაში, პუტინი ვერ გაბედავდა უკრაინაზე თავდასხმას.

“ეს იყო ტრამპი, რომელმაც მოულოდნელად გააოგნა მსოფლიო 2020 წლის დასაწყისში ყასემ სოლეიმანის, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის სასტიკი მკვლელობით. ტრამპის პრეზიდენტობის დასრულებამდე ბევრი არაფერი გვსმენია ირანისგან, ასე არ არის? ან აიღეთ სირია, სადაც ბაშარ ალ ასადმა 2013 წელს საკუთარი ხალხი მოწამლა უკანონო ქიმიური იარაღით. რა გააკეთა ამერიკამ ბარაკ ობამას დროს? არაფერი. ტრამპმა მას ისეთი ძლიერი დარტყმა მიაყენა და გაანადგურა მისი მრავალი თვითმფრინავი, რომ ასადს აღარ გამოუყენებია ქიმიური იარაღი. ასე რომ, ყველა ჩემს უაღრესად ინტელექტუალურ ანტიტრამპისტ მეგობარს ვეუბნები: დამშვიდდით, მეგობრებო. რაც უფრო მეტად ღელავთ და ინერვიულებთ, მით უფრო მტკიცე იქნებიან მისი მხარდამჭერები – და ტრამპის გამარჯვება დანამდვილებით  გაიზრდება შესაძლებლობიდან ალბათობამდე.  ჩვენ ყველა უნდა გავიზარდოთ და შევეგუოთ ამ პერსპექტივას. თუ ის სწორად მოიქცევა და მხარს დაუჭერს უკრაინელებს – და მე მჯერა, რომ ის ამას გააკეთებს – ტრამპის პრეზიდენტობა შეიძლება იყოს დიდი გამარჯვება მთელი  მსოფლიოსთვის.”– წერს ჯონსონი.