პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის დარწმუნებულია, წლის ბოლოსთვის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინა შემუშავებული იქნება და ადამიანების მასობრივი აცრები სწრაფად ჩატარდება.
„ვფიქრობ, დისტრიბუცია თითქმის პარალელურად ჩატარდება, რადგან ამისთვის შეიარაღებულ ძალებს ვამზადებთ,“ განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა და დასძინა, რომ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება.
პრეზიდენტის განცხადება წინააღმდეგობაში მოდის ჩვენებასთან, რომელიც დოქტორმა რიკ ბრაიტმა მისცა კონგრესს. ვაქცინების შემმუშავებელი ამერიკის მთავრობის სააგენტოს ყოფილი დირექტორი, რომელიც სამსახურიდან ცოტა ხნის წინ გაუშვეს, კონგრესმენების წინაშე ჩვენებით წარსდგა. მისი თქმით, „ჩვენ არ გვაქვს გეგმა“ იმისთვის, რომ მასობრივად ვაწარმოოთ და გავანაწილოთ კორონავირუსის ვაქცინა. მან თქვა, რომ ვაქცინა საუკეთესო შემთხვევაში 12-18 თვეში შეიძლება იყოს მზად.
დღეისათვის, კორონავირუსის წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით, 90 ვაქცინა მუშავდება. ერთ-ერთი გერმანული მწარმოებელი CureVac-ი ამბობს, რომ კომპანიის მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ ცხოველები ვირუსის დაბალი დოზებისგან დაიცვა. ვაქცინის კლინიკური გამოცდა ივნისში დაიწყება.
რიკ ბრაიტი ბიოლოგიური კვლევისა და განვითარების სამსახურის დირექტორი იყო, რომელიც შეერთებული შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ იმუნოლოგმა კონგრესს მამხილებლის საჩივარი გაუგზავნა.
პრეზიდენტმა ტრამპმა ბრაიტზე თქვა, რომ „ის გაბრაზებულ, უკმაყოფილო თანამშრომელს ჰგავს, რომელიც სხვათა შორის, როგორც ამბობენ, არც ისე კარგად ასრულებდა თავის საქმეს.“
წყარო: ამერიკის ხმა