ტრამპი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ახლო მომავალში გამოაცხადებს–New York Post

აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ახლო მომავალში გამოაცხადებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და მისი კამპანიის დასაწყისის შესახებ. ამის შესახებ New York Post წერს.

გამოცემის ინფორმაციით განცხადება შეიძლება კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე გაკეთდეს, რომელიც ნოემბერში გაიმართება.

“მიდის განხილვა რომ კამპანიის დაწყება ნაადრევად გამოცხადდეს. მიდის დაგეგმვა. თუმცა, ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია. უბრალოდ მზადებაა“– ეუბნება ინსაიდერი გამოცემას.
მისი პირველი საპრეზიდენტო კამპანია ტრამპმა 2015 წლის ივნისში დაიწყო.

The Times წერს, რომ ტრამპმა დააბნია მისი მრჩევლები, როცა მიანიშნა, რომ საკუთარი კანდიდატურა შეიძლება მოულოდნელად, სოციალური ქსელებით წამოაყენოს ისე, რომ საკუთარი აპარატი ამის შესახებ საქმის კურსში არც ჩააყენოს. მისი თანამშრომლები ახლა ცდილობენ ნაჩქარევად შექმნან წინასაარჩევნო შტაბი, სანამ ტრამპი კამპანიის შესახებ გამოაცხადებს, რაც სავარაუდოდ ამ თვეში მოხდება.

აშშ–ს 45–ე პრეზიდენტმა რომ შესაძლოა კანდიდატურა ამ თვეში დაასახელოს, ამის შესახებ CNN–იც აცხადებს.

ტრამპმა, რომელიც აშშ–ს პრეზიდენტის პოსტს 2016–2020 წლებში იკავებდა, ჟურნალ New Yorker–ს ივნისში უთხრა, რომ “ძალიან ახლოს არის გადაწყვეტილების მიღებასთან“ იმის შესახებ, როგორი იქნება მისი რიგით მესამე საპრეზიდენტო კამპანია. 2020 წელს მას არჩევნები ჯო ბაიდენმა მოუგო. მან ასევე თქვა, რომ მოიგებს რესპუბლიკური პარტიის პირველად კამპანიას, რომელშიც ასევე მონაწილეობს ფლორიდის გუბერნატორი, რონ დე სანტისი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პრეტენდენტად ითვლება.

მაისში ნიუ იორკის ყოფილმა მერმა, რუდი ჯულიანმა, რომელიც ტრამპის ნდობით აღჭურვილი პირი და მისი ყოფილი პირადი ადვოკატია, მედიას უთხრა, რომ ტრამპი კვლავ იბრძოლებს საპრეზიდენტო პოსტისთვის 2024 წელს.