მთავარი 8 მარტს ირანის ომთან დაკავშირებით:
-
ტრამპის თქმით, ომმა შესაძლოა ირანის არმია და მმართველი ელიტა მთლიანად გაანადგუროს
-
ირანის მედიის ცნობით, ქვეყნის ახალი უმაღლესი ლიდერის არჩევის გადაწყვეტილება ახლოვდება
-
ირანის პრეზიდენტმა მეზობელ ქვეყნებს ბოდიში მოუხადა
-
ქუვეითში შენობას ცეცხლი გაუჩნდა, ოსლოში აშშ-ის საელჩოსთან აფეთქება მოხდა
-
ახლო აღმოსავლეთის ნავთობის მომწოდებლებმა წარმოება შეამცირეს, ფასები გაიზარდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები არ აინტერესებს, რაც ზრდის ალბათობას, რომ ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც თეირანს აღარ ექნება მოქმედი არმია და ქვეყნის ხელმძღვანელობა სრულად განადგურდება.
მას შემდეგ, რაც ტრამპი Air Force One-ზე ჟურნალისტებს ესაუბრა, აშშ-ის მოკავშირე ისრაელმა კვირა დილით ირანის სხვადასხვა ტერიტორიაზე ახალი დარტყმები დაიწყო. ომი, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში ქაოსი გამოიწვია და მსოფლიო ნავთობის ბაზარი შეარყია, უკვე მეორე კვირაში შევიდა.
„შესაძლოა ერთ მომენტში აღარავინ დარჩეს, ვინც იტყვის — ჩვენ ვნებდებით,“ — განაცხადა ტრამპმა.
გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ-მ და ისრაელმა განიხილეს სპეციალური დანაყოფების ირანში გაგზავნის შესაძლებლობა, რათა ომის მოგვიანებით ეტაპზე მაღალგამდიდრებული ურანის მარაგები უსაფრთხოდ აიღონ.
შაბათს, როცა მას ჰკითხეს ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესაძლებლობაზე, ტრამპმა თქვა, რომ ეს შეიძლება მოხდეს „შემდგომ ეტაპზე“.
საუდის არაბეთმა, ქუვეითმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა განაცხადეს, რომ შაბათსა და კვირას დილით მათ ტერიტორიაზე ირანული დრონების შეტევები განხორციელდა. ქუვეითში მთავრობის შენობას მასშტაბური ხანძარი გაუჩნდა.
ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში აშშ-ის საელჩოსთან აფეთქება მოხდა, რომელმაც მცირე დაზიანება გამოიწვია, თუმცა დაშავებულები არ ყოფილან. პოლიციის თქმით, ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება და ვინ დგას მის უკან.
Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, საუდის არაბეთმა თეირანი გააფრთხილა, რომ თუ ირანის თავდასხმები სამეფოსა და მის ენერგეტიკულ სექტორზე გაგრძელდება, საპასუხო ზომებს მიიღებს.
როგორც ჩანს, სპარსეთის ყურის ქვეყნებში დაძაბულობის შემცირების მცდელობის ფარგლებში, ირანის პრეზიდენტმა მეზობელ სახელმწიფოებს ბოდიში მოუხადა იმ თავდასხმებისთვის, რომლებიც მათ ტერიტორიაზე მდებარე ამერიკულ ობიექტებზე განხორციელდა.
მან ასევე ტრამპის მოთხოვნა ირანის უპირობო კაპიტულაციის შესახებ „ოცნებად“ შეაფასა, თუმცა თქვა, რომ ქვეყნის დროებითმა ხელმძღვანელმა საბჭომ გადაწყვიტა მეზობელ სახელმწიფოებზე თავდასხმების შეჩერება, თუ ირანზე დარტყმები მათი ტერიტორიიდან არ განხორციელდება.
პრეზიდენტ პეზეშქიანის განცხადებებმა ირანში პოლიტიკური დებატები გამოიწვია, რის შემდეგაც მისმა ოფისმა განმარტა, რომ ირანის სამხედროები მკაცრად უპასუხებენ აშშ-ის ბაზებიდან განხორციელებულ ნებისმიერ თავდასხმას.
ირანის მედიის ცნობით, სასულიერო ორგანო, რომელიც ქვეყნის შემდეგი უმაღლესი ლიდერის არჩევაზეა პასუხისმგებელი, შესაძლოა უკვე კვირას შეიკრიბოს, რათა გასულ კვირას მოკლული აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელი აირჩიოს. სააგენტო Mehr-ის ინფორმაციით, ექსპერტთა ასამბლეის წევრმა აიათოლა მოჰამედმეჰდი მირბაქერიმ განაცხადა, რომ კანდიდატზე საკმაოდ ფართო შეთანხმება უკვე მიღწეულია.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, თეირანის რამდენიმე რაიონში ძლიერი აფეთქებები ისმოდა, ხოლო ისრაელმა განაცხადა, რომ შაბათს ირანის სარაკეტო ობიექტებზე, სამეთაურო ცენტრებზე და საწვავის საცავებზე დარტყმები განახორციელა.
გაეროში ირანის წარმომადგენლის ამირ საიედ ირავანის განცხადებით, აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების შედეგად მინიმუმ 1,332 ირანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ათასობით დაშავდა.
აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, შესაძლოა ამერიკულ ძალებს კავშირი ქონდეთ ირანში გოგონათა სკოლის დაბომბვასთან, რომლის შედეგადაც ბევრი ბავშვი დაიღუპა. თუმცა ტრამპმა, განაცხადა, რომ ამაზე პასუხისმგებელი ირანია.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა, რომელიც ტრამპის გვერდით იდგა Air Force One-ზე, თქვა, რომ საქმე ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია.
ისრაელმა შაბათს ლიბანშიც ახალი დარტყმები განახორციელა, მას შემდეგ რაც ირანთან დაკავშირებულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ საზღვრის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ისრაელმა გააფრთხილა ლიბანი, რომ ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევს, თუ ჰეზბოლას არ შეაკავებს. ორშაბათიდან ისრაელის თავდასხმების შედეგად ლიბანში დაახლოებით 300 ადამიანი დაიღუპა.
ირანის სტრატეგიამ, რომელიც მაქსიმალური ქაოსის შექმნას ისახავს მიზნად, მნიშვნელოვნად გაზარდა კონფლიქტის ეკონომიკური ფასი:
-
გაიზარდა ენერგომატარებლების ფასები
-
დაზარალდა მსოფლიო ვაჭრობა და ლოგისტიკა
-
შეფერხდა ავიამიმოსვლა.
ქუვეითის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ შაბათიდან დაიწყო წარმოების შემცირება, რაც დაემატა ერაყისა და კატარის მიერ უკვე განხორციელებულ შემცირებებს.
ნავთობის ფასები მრავალწლოვან მაქსიმუმამდე გაიზარდა, რადგან კონფლიქტმა პრაქტიკულად ჰორმუზის სრუტის ფუნქციონირება შეაფერხა.















