ტრამპი შესაძლოა ამ დღეებში დააკავონ–ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირეს

დონალდ ტრამპი გახდა შეერთებული შტატების პირველი ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ოფიციალურად სასამართლოში ედავებიან. ამას ხუთშაბათს მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდმა ჟიურიმ დაუჭირა მხარი.

ამერიკულმა გაზეთებმა პირველებმა გაავრცელეს ახალი ამბები და მხოლოდ სამი საათის შემდეგ ეს ინფორმაცია დაადასტურა მანჰეტენის ოლქის პროკურორმა, ალვინ ბრაგმა, რომელმაც იანვარში მოიწვია დიდი ნაფიც მსაჯულთა დიდი ჟიური,რათა გადაეწყვიტათ წარედგინათ თუ არა ტრამპი სასამართლოს წინაშე.

„დღეს საღამოს ჩვენ დავუკავშირდით ბატონ ტრამპის ადვოკატს, რათა შეეთანხმებინა  მისი ჩაბარება მანჰეტენის საოლქო პროკურატურის ოფისისითვის,  შემდგომში სასამართლოს წინაშე წარსადგომად“- განაცხადა პროკურატურამ. ბრალდების დეტალები ჯერ არ სახელდება.

ეს არის ერთ-ერთი გამოძიება ტრამპის წინააღმდეგ, რომელიც გულისხმობს პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის (ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდს) დუმილის სანაცვლოდ  ფულის გადახდას.

საქმის მასალების მიხედვით, 2016 წლის არჩევნებამდე ტრამპმა, ადვოკატის მეშვეობით,  სტორმი დენიელსს $130,000 გადაუხადა, რათა გაჩუმებულიყო მასთან სექსის შესახებ, რომელიც ათი წლით ადრე ჰქონდა.

ეს გადახდა თავისთავად უკანონო არ იყო, მაგრამ ტრამპმა და მისმა ადვოკატმა ის გააფორმეს, როგორც იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი საფასური,რაც ნიუ-იორკის შტატში თაღლითობად ითვლება და სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება. ადვოკატ მაიკლ კოენს 2018 წელს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაგრამ ტრამპს, მაშინდელ პრეზიდენტს, ბრალი ოფიციალურად არ წაუყენეს.

კონკრეტულად რაში აპირებს ტრამპისთვის ბრალის წაყენებას ახლა პროკურორი ბრეგი, ჯერჯერობით უცნობია.

სტორმი დენიელსმა ტრამპთან ურთიერთობაზე 2011 წელს ინტერვიუში ისაუბრა.

თავად ტრამპი სტორმი დენიელსთან სექსს კატეგორიულად უარყოფს.

ახლა, ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილების შემდეგ, მანჰეტენის ოლქის პროკურორი ელვინ ბრეგი, სავარაუდოდ, ოფიციალურად წაუყენებს ბრალს  დონალდ  ტრამპს.

ტრამპი, რომელიც ფლორიდაში ცხოვრობს, სავარაუდოდ, ნიუ-იორკში სასამართლოში გამოცხადების ბრძანებას მიიღებს, სადაც მას ოფიციალურად დააპატიმრებენ. მას თითის ანაბეჭდს აუღებენ  და ფოტოს გადაუღებენ, ისევე როგორც ყველა ეჭვმიტანილს, სახეზე და პროფილში, შემდეგ კი საქმეზე პირველი სხდომა გაიმართება.

ამერიკული მაუწყებელი CBS ტრამპის ადვოკატებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ის სავარაუდოდ მომავალ კვირას პროკურატურას ჩაბარდება. ტრამპის ადვოკატმა სიუზან ნეჩელესმა რამდენიმე პუბლიკაციასთან მიმოწერაში განმარტა, რომ ექს-პრეზიდენტი სავარაუდოდ სასამართლოს წინაშე სამშაბათს, 4 აპრილს წარდგება.

ნაფიც მსაჯულთა დიდი ჟიურის გადაწყვეტილების შესახებ განცხადებაში, დონალდ ტრამპმა  დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი პროკურორი ბრეგი “ჯო ბაიდენის დაკვეთით ბინძური საქმის კეთებაში დაადანაშაულა.

„ტრამპის განადგურების იდეით შეპყრობილი დემოკრატები ატყუებდნენ, თაღლითობდნენ  და იპარავდნენ, მაგრამ ახლა მათ გააკეთეს წარმოუდგენელი – დაადანაშაულეს სრულიად უდანაშაულო ადამიანი, და ურცხვად ჩაერივნენ წინასაარჩევნო კამპანიაში“ – თქვა ტრამპმა, რომელიც 2024 წელს  საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

ამავე დროს, ტრამპმა ოლქის პროკურორ ბრეგს ჯორჯ სოროსის პროტეჟე უწოდა.

აშშ-ში საოლქო პროკურორის პოსტი ერთდროულად არის თანამდებობა მართლმსაჯულების სისტემაში და  ამავე დროს არჩევითი პლიტიკური პოსტი, და ელვინ ბრეგი დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს.

ტრამპის პოლიტიკურმა ოპონენტმა, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრმა,  ადამ შიფმა დიდი ჟიურის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

“ყოფილი პრეზიდენტის ფორმალური ბრალდება უპრეცედენტოა. მაგრამ ასევე უპრეცედენტოა ტრამპის უკანონო საქციელი. ერი, რომელიც კანონის უზენაესობით ხელმძღვანელობს,  ვალდებულია მკაცრად დაკითხოს მდიდრები და ძლევამოსილნი, მაშინაც კი, თუ ისინი იკავებენ მაღალ თანამდებობებს. განსაკუთრებით, თუ იკავებენ მათ”, – დაწერა  ტვიტერზე შიფმა რომელმაც ტრამპის წინააღმდეგ საპარლამენტო გამოძიება დაიწყო.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი, თანაპარტიელი ტრამპის შემდეგ, დემოკრატ პროკურორ ბრეგს თავს დაესხა და მის წინააღმდეგ საპარლამენტო გამოძიების დაწყებას დაჰპირდა.

„კიდევ ერთხელ, ძალაუფლების აღმაშფოთებელი ბოროტად გამოყენება რადიკალიზებული ოლქის პროკურორის მიერ, რომელიც ათავისუფლებს სახიფათო დამნაშავეებს, მაგრამ შურს იძიებს თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეზე, პრეზიდენტ ტრამპზე“, – წერს მაკკარტი ტვიტერზე. “ვიძლევი განკარგულებას, რომ შესაბამისმა კომიტეტებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება, ხომ არ გამოიყენება ფედერალური ბიუჯეტის ფული არჩევნებში ჩარევისთვის პოლიტიკური მოტივებით დევნის გზით“– ამბობს ის.

სტორმი დენიელსის საქმემ, ისევე როგორც ტრამპის წინააღმდეგ სხვა ბრალდებებმა, მრავალი კომენტატორის აზრით, შესაძლოა მართლაც იმოქმედოს მის გეგმებზე, კვლავ იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში.

რესპუბლიკური პარტიის წევრებს შორისაც კი, დაახლოებით 44% თვლის, რომ ტრამპმა უარი უნდა თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე, თუ მას ოფიციალურად წაუყენებენ ბრალს, ნათქვამია Reuters-ის დაკვეთით კვირას ჩატარებული გამოკითხვის შედეგებში.

ტრამპი  პრობლემაა ფლორიდის გუბერნატორისთვისაც

ფლორიდის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა რონ დესანტისმა, რომელიც, სავარაუდოდ, ტრამპის მთავარი კონკურენტი იქნება რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციაში, დაგმო ნიუ-იორკის ჟიურის გადაწყვეტილება და თქვა, რომ ფლორიდის შტატი “არ ითანამშრომლებს ტრამპის ექსტრადირებისთვის”.

„სამართლებრივი სისტემის გადაქცევა პოლიტიკური დღის წესრიგის ინსტრუმენტად თავდაყირა აყენებს კანონის უზენაესობას. ეს არ არის ამერიკული“, – წერს დესანტივი Twitter-ზე, ტრამპისა და პარტიის სხვა წევრების შემდეგ, რომლებიც ადვოკატ ბრეგს  ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაში ადანაშაულებენ.

როგორც BBC-ის კორესპონდენტი კაილა ეპშტეინი აღნიშნავს, დესანტისი, როგორც შტატის გუბერნატორი, სადაც ტრამპი ცხოვრობს, დელიკატურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

თუ ის ითანამშრომლებს ნიუ-იორკის პროკურორთან (რომელსაც ტრამპის სასამართლოში იძულებით მიყვანა მოუწევს), ამან შესაძლოა დააკარგინოს ზოგიერთი რესპუბლიკელის და თანამგრძნობის მხარდაჭერა, რომელთა ხმებიც  საპრეზიდენტო არჩევნებში დასჭირდება. თუ ის პროკურატურას ხელს შეუშლის, , ამან შესაძლოა გუბერნატორს გარკვეული პრობლემები შეუქმნას.

თუმცა,  New York Times-ის თანახმად, გუბერნატორ დესანტისს აქვს რამდენიმე იურიდიული საშუალება ადვოკატ ბრეგის შესაჩერებლად.

ბიბისი–ს კორესპონდენტი ვაშინგტონში, ჰარი ო’დონაჰიუ წერს, რომ ახალი არაფერია იმაში, რომ სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს ბრალი წაუყენეს და შესაძლოა ციხეშიც მოხვდეს.. ეს არაერთხელ მომხდარა მსოფლიოში.

თუმცა, მისი აზრით ამერიკა საკუთარ თავს განიხილავს, როგორც განსაკუთრებულ ქვეყანას, ხოლო ვაშინგტონი, როგორც „ქალაქს გორაკზე“, მორალისა და დემოკრატიის შუქურას, რომელიც ანათებს მთელ მსოფლიოში.

“ამიტომ, ამ კლუბში გაწევრიანება მხოლოდ დონალდ ტრამპისთვის არ არის პრობლემა. ეს კიდევ ერთი დარტყმაა ამერიკელების თავდაჯერებაზე.

2021 წლის 6 იანვარს ჩვენ უკვე ვნახეთ, თუ როგორ შეიჭრა ბრბო ამერიკული დემოკრატიის გულში, კაპიტოლიუმში და თავისუფლად არბევდა იქაურობას რამდენიმე საათის განმავლობაში.

ეს ქვეყანა გაყოფილია. ჩინეთის მზარდი თავდაჯერებულობა და რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის შეხსენება, რომ აშშ-ს სტატუსს მსოფლიოში გეოპოლიტიკური გამოწვევები ბევრ ფრონტზე ემუქრება.“– წერს ის.