ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჩინეთი “ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია”, რომ ნოემბერში მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებში არ გაიმარჯვოს.
საინფორმაციო სააგენტო “როიტერისთვის” ოვალურ ოფისში მიცემულ ინტერვიუში, დონალდ ტრამპმა ჩინეთის შესახებ მკაცრად და კრიტიკულად ისაუბრა და თქვა, რომ ის არაერთ სხვადასხვა შესაძლებლობას განიხილავს იმის თაობაზე, თუ რა შედეგი უნდა მოჰყვეს ჩინეთის ქმედებებს ვირუსთან დაკავშირებით. “ბევრი რამის გაკეთება შემიძლია”, – თქვა მან ტარიფების თუ სხვა ზომების შესაძლო გამოყენების თაობაზე დასმულ შეკითხვებზე პასუხად. “ვიკვლევთ, რა მოხდა”.
დონალდ ტრამპი ჩინეთს აქტიურად აკრიტიკებს. ამერიკის პრეზიდენტი პეკინს ინფორმაციის დამალვაში და პანდემიის გავრცელების მასშტაბებში ადანაშაულებს. პანდემიამ შეერთებულ შტატებში სულ მცირე 60 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა ამერიკული ეკონომიკაც.
ამერიკის პრეზიდენტს თავადაც ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ შეერთებული შტატები საკმარისად და დროულად მომზადებული არ შეხვდა ვირუსის გავრცელებას. თუმცა, ტრამპი ამბობს, რომ ჩინეთს მსოფლიოსთვის უფრო ადრე უნდა ეცნობებინა ვირუსის შესახებ.
“ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მე ამ [ნოემბრის საპრეზიდენტო] არჩევნებში დავმარცხდე”, – ამბობს ტრამპი. მისი თქმით, პეკინს პრეზიდენტის დემოკრატი ოპონენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება სურს, რათა მან ის წნეხი შეამსუბუქოს, რომელიც მოქმედმა პრეზიდენტმა ქვეყანას ვაჭრობისა და სხვა მიმართულებით შეუქმნა. “ისინი (ჩინეთის მთავრობის წევრები) გამუდმებით იყენებენ საზოგადოებასთან ურთიერთობას, პიარს იმისთვის, რომ თავი უდანაშაულოდ წარმოაჩინონ”, – დასძინა მან.
რაც შეეხება იმ გამოკითხვებს, რომელთა თანახმადაც წინასაარჩევნო მარათონში ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი ლიდერობს, ტრამპი ამბობს, რომ ამ გამოკითხვების არ სჯერა. ამასთან, ის განმარტავს, რომ მისი აზრით, ეს არჩევნები არ იქნება ერთგვარი რეფერენდუმი იმის თაობაზე, თუ როგორ უმკლავდება ის ვირუსთან დაკავშირებულ კრიზისულ სიტუაციას.
“არ მჯერა გამოკითხვების. მჯერა, რომ ამ ქვეყანაში ხალხი გონიერია და არ მგონია, რომ ისინი არაკომპეტენტურ ადამიანს გაამარჯვებინებენ”, – ამბობს პრეზიდენტი.
წყარო: ამერიკის ხმა