ცოტა ხნის წინ აშშ–ს პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ განზრახული აქვს “კავშირი გაწყვიტოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან“, რადგან მისი თქმით ორგანიზაცია ჩინეთს კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვაში დაეხმარა. ტრამპის თქმით, ჯანმო “ჩინეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ იყო“, რომელიც ზეწოლას ახდენდა ორგანიზაციაზე, რათა მას მსოფლიო შეცდომაში შეეყვანა. ჩინეთმა კი დროულად არ გაავრცელა ინფორმაცია ახალი ვირუსის გავრცელების შესახებ და ამით უდიდესი ზიანი მიადგა მთელ მსოფლიოს, ადამიანების სიცოცხლეს და ეკონომიკას. ტრამპი გადაწყვეტილებას იმითაც ხსნის, რომ ჯანმომ “ვერ შეძლო უკიდურესად აუცილებელი და საჭირო რეფორმების გატარება.“
აშშ–ს პრეზიდენტი არაერთხელ ამტკიცებდა, რომ ჯანმოს ხელმძღვანელობა ბრმად ენდობოდა კოვიდ19–ის შესახებ პეკინიდან მიღებულ ინფორმაციას. ჯერ კიდევ აპრილში ვაშინგტონმა შეწყვიტა შენატანების გადახდა ორგანზაციის ბიუჯეტში იმ დრომდე, სანამ გაირკვეოდა ჯანმო–ს როლი იმ მოვლენებში, რომლებმაც პლანეტაზე ვირუსის ფართო გავრცელება გამოიწვია.
ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის ცოტა ხნის წინანდელ ვირტუალურ სხდომაზე აშშ–მ ასევე ბრალი დასდო ჯანმო–ს არადროულ მოქმედებაში, რამაც ვაშინგტონის აზრით პანდემიის გაძლიერება გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ აშშ–ს შენატანი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ყველა სხვა ქვეყანაზე დიდი იყო და წელიწადში 450 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამ თანხის დაკარგვა მძიმედ აისახება ორგანიზაციის მუშაობაზე.