ტრამპმა ე.წ. “გრინ ქარდების“ გაცემის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ დროებით შეაჩერებს ქვეყანაში ცხოვრების უფლების – ეგრეთწოდებული გრინ ქარდების გაცემას. მწვანე ბარათების გაცემა 60 დღით შეჩერდება. ვადის გასვლის შემდეგ კი შეზღუდვის გაგრძელების გადაწყვეტილებას “ადამიანთა ჯგუფი“ მიიღებს. ამის შესახებ ტრამპმა სამშაბათს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას ეძღვნებოდა.

აშშ–ს პრეზიდენტი ამბობს, რომ ცხოვრების უფლების გაცემის აღდგენა ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

“ჩვენ გვინდა ჩვენი, ამერიკელი მშრომელები დავიცვათ. მომავალში ჩვენ მათ უფრო საიმედოდ დავიცავთ“– თქვა ტრამპმა და ხაზი გაუსვა, რომ შეზღუდვები ეხება მხოლოდ მიგრანტთა იმ კატეგორას, რომლებსაც აშშ–ში მუდმივი ცხოვრება უნდათ. დროებითი სამუშაოსთვის ჩასულებს ის არ შეეხება.

ტრამპმა პირობა დადო, რომ შესაბამის ბრძანებას ოთხშაბათს მოაწერს ხელს.

დროებისი სამუშაო მიგრანტები აშშ–ში ჩასულთა ყველაზე მრავალრიცხოვანი კატეგორიაა.