ტრამპს უნდა, გადაამოწმოს, იკურნება თუ არა COVID-19 სადეზინფექციო ხსნარის ორგანიზმში შეყვანით

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს შესთავაზა გამოეკვლიათ, სადეზინფექციო ხსნარის ორგანიზმში შეყვანით შეიძლება თუ არა კორონავირუსის განადგურება. მისი თქმით, ეს იდეა საინტერესოდ ჟღერს.

„როგორც დავინახე, სადეზინფექციო ხსნარი ანადგურებს კორონავირუსს ერთ ან ორ წუთში. და არის რაიმე გზა, რომლითაც ჩვენ იმავეს გაკეთება შეგვიძლია შიგნით [სხეულში] ინექციით ან თითქმის, გაწმენდით? როგორც ჩანს, ის [კორონავირუსი] აღწევს ფილტვებში და მძიმედ აზიანებს მას ამიტომ, საინტერესო იქნებოდა ამის გადამოწმება,“ – თქვა ტრამპმა.

ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, ბილ ბრაიანმა თქვა, რომ კორონავირუსი ყველაზე სწრაფად მზის პირდაპირ სხივში კვდება. ამის შემდეგ ტრამპმა მას ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა ულტრაიისფერი სხივების ორგანიზმში შეტანა.

„გთავაზობთ სხეული დავასხივოთ ულტრაიისფერი ან უბრალოდ რაიმე ძლიერი სინათლით“,-აღნიშნა პრეზიდენტმა და ექიმ დებორა ბრიქსს, რომელიც ბრიფინგს ესწრებოდა მოუწოდა, აღნიშნული მეთოდი გამოსცადოს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირების 886 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 50 243 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 86 ათასამდე გამოჯანმრთელდა.