თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელსაც ჭავჭავაძის გამზირზე გადასაადგილებლად 20-25 წუთი სჭირდებოდა, დღეს 8 წუთი სჭირდება.
„ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ, სატრანსპორტო სქემის შეცვლის პირველ დღეს, ბუნებრივია, იყო გარკვეული პრობლემები, რომელიც დაკავშირებული იყო ავტომობილების მძღოლების ახალ მარშრუტთან ადაპტაციით. მთელი შაბათ-კვირა მიმდინარეობდა ფაზების გადაწყობა ახალ მარშრუტთან მიმართებით. აბსოლუტურად გამართლდა ჩვენი მოლოდინები, რომელიც დაფუძნებულია სატრანსპორტო მოდელის კვლევებსა და ნაკადების დათვლაზე. ნაკადების დათვლა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და არა მარტო ჭავჭავაძის გამზირის ნაკადებია დათვლილი, არამედ, მთელი თბილისის მასშტაბით. სამარშრუტო სქემები, რომელსაც მერია განახორციელებს, დაფუძნებული იქნება სწორედ ამ კვლევებზე და ელექტრონულ-პროგრამულ-ციფრულ მოდელებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს არის საქართველოში პირველი ნაბიჯი, როდესაც თანამედროვე მეთოდებზე დამყარებით უზრუნველყოფს იმას, რომ თბილისში საცობები ეტაპობრივად აღმოიფხვრება. ეს მოხდება იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელსაც ჭავჭავაძის გამზირზე გადასაადგილებლად 20-25 წუთი სჭირდებოდა, დღეს 8 წუთი სჭირდება. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, საცობების მართვისკენ და ეს ღონისძიებები მთელ თბილისში გატარდება“, – განაცხადა ბითაძემ.