ტრანსპორტში შეინიშნება დასაშვებზე მეტი ხალხმრავლობა, არ უნდა მოვდუნდეთ – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა, შეინიშნება იმაზე მეტი ხალხმრავლობა, ვიდრე დასაშვებია.

ის მოქალაქეებს მოუწოდებს, კვლავ პასუხისმგებლიანად მოეკიდონ სიტუაციას და რეკომენდაციები დაიცვან.

“ვფიქრობ, ყველაფერი კარგად უნდა იყოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა უნდა მოდუნდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა აუცილებელი ღონისძიება, რომელიც შეზღუდვების მოხსნის მერე უნდა ჩატარდეს – უნდა ჩატარდეს. თავყრილობას უნდა მოვერიდოთ. პირბადეებით უნდა ვიაროთ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას პირბადის გარეშე არ უნდა იყოს ადამიანი. ტრანსპორტში შეინიშნება თითქოს არის იმაზე მეტი ხალხმრავლობაა, ვიდრე დასაშვებია. თითოეული მოქალაქე, ისევე როგორც ეპიდემიის დასაწყისში პასუხისმგებლიანად მოვეკიდეთ სიტუაციას, კვლავ გავითავისოთ ეს, რათა დავრჩეთ კარგ ზოლში, სადაც ახლა ჩვენი ქვეყანაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 796 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 634 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 გარდაიცვალა.