ჩვენთვის გვაქვს შესაძლებლობა, ტურიზმი, როგორც ეკონომიკის დარგი ნელ-ნელა გავხსნათ, ჯერ შიდა, შემდეგ – საერთაშორისო დონეზე, შეძლებისდაგვარად, იმ ხარისხიდან გამომდინარე, რა ხარისხითაც შევასრულებთ თქვენს და ჩვენს შიდა მოთხოვნებს, შევუერთდეთ ევროპის ტურისტულ ბაზარს და ამაში გვჭირდება თქვენთან თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილთან ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.
გახარია ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმია და ხელისუფლებას კარგად ესმის, რამდენად მაღალი იქნება გლობალური კონკურენცია.
„გვესმის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის რისკი არის და გახსნის ეს გრაფიკი, რომელიც თარიღების მიხედვით გამოვაცხადეთ, მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას სრულად ვმართავთ. ერთ თვეზე მეტი გვაქვს იმისთვის, რომ შიდა ტურიზმისთვის ინფრასტრუქტურა მოვამზადოთ. გვესმის, რომ კრიტიკული წერტილებია ტრანსპორტი, აეროპორტი, სახმელეთო საზღვარი, სასტუმრო. ველოდებით თქვენს ინსტრუქციებს, რას გამოაცხადებთ საერთაშორისო დონეზე ტურისტულად უსაფრთხო ზონებად და რა ინსტრუმენტები და წესები იქნება დასაცავი. უსაფრთხო დერეფნებზე ჩვენი საელჩოები უკვე ესაუბრებიან სახელმწიფოებს. ინტერესი უკვე გამოთქვა ისრაელმა, ინტერესი არის ავსტრიიდან, მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან დიდი ხანია, არსებობს ინტერესი და გვინდა, ამ მიმართულებით ვითანამშრომლოთ. ჩვენთვის ეს ყველაფერი არის შესაძლებლობა, ტურიზმი, როგორც ეკონომიკის დარგი ნელ-ნელა გავხსნათ, ჯერ შიდა, შემდეგ – საერთაშორისო დონეზე; შეძლებისდაგვარად, იმ ხარისხიდან გამომდინარე, რა ხარისხითაც შევასრულებთ თქვენს და ჩვენს შიდა მოთხოვნებს, შევუერთდეთ ევროპის ტურისტულ ბაზარს და ამაში გვჭირდება თქვენთან თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან საუბრისას.
ვიდეოკონფერენციისას ცნობილი გახდა, რომ საქართველო სექტემბერში ტურიზმის ინდუსტრიის მომავალთან დაკავშირებით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მინისტერიალს უმასპინძლებს, რომელზეც რამდენიმე ათეული ქვეყნის ტურიზმის მინისტრები შეიკრიბებიან.