დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტურისტებს საქართველოში შემოსვლისას სავარაუდოდ მოუწევთ დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდება, რომ ბოლო 72 საათში გამოკვლეული არიან და მათი პასუხი PCR ტესტით უარყოფითია.
გამყრელიძის თქმით, ტურისტების მიღება საერთაშორისო და საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდება.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ე.წ. კოვიდის პასპორტთან იქნება მიდევნების აპლიკაცია და სხვა მექანიზმებიც.
,,პირობები, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ძალიან მკაცრიც, რომ ადამიანს არ მოუნდეს შენთან ჩამოსვლა, მაგრამ უნდა იყოს ადვილად შესრულებადი და უნდა შეუწყო ხელი იმიტომ, რომ იგივე ჩვენი მოქალაქეები უნდა გავიდნენ ზაფხულში სხვაგან და შესაბამისად, ეს იქნება ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე.
ალბათ შემოვა ე.წ. კოვიდის პასპორტივით მსგავსი დოკუმენტი, რომ ბოლო 72 საათში გამოკვლეული უნდა იყო და გქონდეს უარყოფითი რეაქცია PCR-ით. შემდეგ კიდევ მიდევნების აპლიკაციები არსებობს და ბევრი მექანიზმია. მაგალითად, საბერძნეთი ამის გამოყენებას უკვე წარმატებით იწყებს. საქართველოში ინფექციის გავრცელება დაბალია, ამიტომ ტურისტული პოტენციალი ძლიერია,“- თქვა გამყრელიძემ.
დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ბალტიის ქვეყნებთან ტურისტული მიმოსვლა აღდგეს, რაზეც ავიაკომპანია “ვიზეარიც” მზადყოფნას აცხადებს.