პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს საზღვარზე შემოსვლისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 72 საათით ადრე COVID-19-ის PCR ტესტი უნდა ჰქონდეს ჩატარებული.
პრემიერის განმარტებით, გამონაკლისი ტურისტებისთვის, ვისაც საქართველოში შემოსვლამდე მსგავსი შემოწმება გავლილი არ ექნება, ქვეყანაში PCR ტესტების აღების შესაძლებლობა შეიქმნება.
“საქართველოში შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური, 72-საათიანი PCR ტესტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის საქართველოში არ შემოვა. მოგეხსენებათ, ევროპის ქვეყნებში უკვე კოვიდ პასპორტის თემას განიხილავენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ქვეყანაშიც შევქმნით შიგნით, ამ PCR ტესტების აღების შესაძლებლობას იშვიათი შემთხვევებისთვის, როდესაც ჩამოსულ ადამიანს ასეთი ტესტი არ ექნება. მაგრამ ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები ქვეყანაში შემოვლენ მხოლოდ მაშინ, როცა ასეთი წესი იქნება დაცული,”- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ამით საქართველო საკუთარ ბრენდებს კიდევ ერთი – “COVID FREE” ბრენდს დაამატებს.
“ტურიზმში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდის სიძლიერე. პირიქით, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს სამზარეულოს, ჩვენს ღვინოს, სიმღერას, სტუმარ-მასპინძლობას, უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი ძლიერი ბრენდი – საქართველო, როგორც Covid Free და ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ქვეყანა. უნდა გავაძლიეროთ. ეს იგივე შემთხვევაა, როდესაც ვსაუბრობთ კრიზისზე, როგორც შესაძლებლობაზე და ტურიზმში ამის გაკეთება შეგვიძლია”,- აღნიშნა გახარიამ.