„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, შეზღუდვები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესდა, ეკონომიკას აჩერებს და არანაირი ეფექტი არ აქვს, ამიტომ უნდა მოიხსნას.
,,ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის ის, რომ უაზრო შეზღუდვები, რომლითაც შეაჩერეს ეკონომიკა და რომელსაც არანაირი ეფექტი და შედეგი არ აქვს, მოიხსნას, მაგალითად: „კომენდანტის საათი“, ასევე, მანქანებში ოჯახის წევრების ჩასხდომაზე დაწესებული უაზრო შეზღუდვები, ასევე კონკრეტული სიის განსაზღვრა, რომელსაც შეუძლია ეკონომიკური საქმიანობის წარმოება.
ესენი უნდა იყოს სასწრაფოდ შეცვლილი და ამისთვის მივმართეთ მათ გუშინ, რომ ეს გააკეთონ უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში და შემდეგ უკვე სწრაფად გადადგან ნაბიჯები ეკონომიკის ამოძრავებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამაზეც კონკრეტული წინადადება გვაქვს გაკეთებული და ასევე, სოციალური დახმარების პროექტებთან დაკავშირებითაც კონკრეტული წინადადება გვაქვს მიცემული“, – განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, აუცილებელია, საპარლამენტო ცხოვრება რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს, რათა მოხდეს იმ თანხების საპარლამენტო კონტროლი, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად იხარჯება.
ცნობისთვის, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი 22 მაისამდე გრძელდება. აკრძალულია ავტომობილში მძღოლის გვერდითა სავარძლით გადაადგილება, ასევე 3 ადამიანზე მეტის ჩავშეყრა. ჩაკეტილია ქვეყნის 4 ყველაზე დიდი ქალაქი: რუსთავი, თბილისი, ბათუმი და ქუთაისი. შეზღუდულია საქალაქთაშორისო გადაადგილებაც.