უამრავი პოლიტიკური სვავი ხეზე შემომჯდარი ელოდება როდის დაიღვრება სისხლი – ვოლსკი ზუგდიდზე

“უამრავი პოლიტიკური სვავი ხეზე შემომჯდარი ელოდება როდის დაიღვრება სისხლი”- ასე აფასებს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს.

“ამ თემიდან ასეთი პოლიტიკური დივიდენტის მიღება არის უზნეობა, ვინაიდან ვხედავთ, რომ უამრავი პოლიტიკური სვავი ხეზე შემომჯდარი ელოდება როდის დაიღვრება სისხლი, რომ დაეწაფოს და ეს როგორმე განავითაროს თავისი პოლიტიკური მიზნების სტრატეგიული მიმართულებით”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ თავდამსხმელი ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და 19 მძევალი აიყვანა. მან 500 ათასი დოლარი და უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. რამდენიმე საათში მან 3 მძევალი დაიტოვა, რის შემდეგაც შსს–მ მას მოთხოვნილი თანხა მიუტანა. მძევლებთან ერთად ის პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. გვიან ღამით მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და გაიქცა.

შსს–ს ცნობით, ამ დროისთვის მისი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ე.წ. საზღვარზე თავდამსხმელს არ შეუშვებენ.