მათ უარი თქვეს ივანიშვილის შემოთავაზებულ 2 მილიონზე – სააკაშვილი ოპოზიციაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის მიერ მანდატებზე უარის თქმას ეხმიანება და ამბობს, რომ მათ ბიძინა ივანიშვილს 2 მილიონზე უარი თქვეს. ამის გამო ის ოპოზიციას მადლობას უხდის.

“იმ ხალხმა, ვინც დღეს მოაწერა ხელი პარლამენტში არ შესვლას და მანდატების გაუქმებას, თბილისის ქუჩაში ცივ ამინდში უარი თქვა თბილ შენობაში კომფორტულ სავარძლებზე და ყოველთვიურ ხელფასზე, ასევე ივანიშვილის შემოთავაზებულ ორ მილიონზე თითო ადამიანზე. თქვა უარი იმის გამო, რომ გრძნობს პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე – ეს არის ნამდვილი სამოქალაქო გმირობა! ამიტომ ჩემგან, როგორც საქართველოს ერთ-ერთი შვილისგან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს.

შეიძლება ადრე ბევრ თქვენგანს არ ვეთანხმებოდი, ვაკრიტიკებდი, მაგრამ დღეს მართლა ქედს ვიხრი თქვენი სამოქალაქო გმირობის და გამბედაობის წინაშე!  ეს არის ჩვენი საერთო გამარჯვების საწინდარი რაც დღეს მოხდა!.. წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, 5–მა ოპოზიციურმა პარტიამ, ენმ – ძალაერთობაშიამ, ევროპულმა საქართველომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, ლელომ და ლეიბორისტულმა პარტიამ ცესკოდან სიები უკვე გამოითხოვა.

გირჩის განცხადებით, პარტია საპარლამენტო მანდატებზე უარს იმ შემთხვევაში იტყვის, თუ ელჩებთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება. იგივე პოზიცია აქვს ალეკო ელისაშვილის პარტიას. რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს, ისინიც ამბობენ, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.