საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ისინი სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
“2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა. ვფიქრობთ, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეებსაც კი ესმით, რომ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ასეთ დაბალ პროცენტს ვერანაირ პირობებში ვერ აიღებდა. უახლოეს დღეებში ჩვენ ყველა საარჩევნო უბნის მიხედვით, დავასახელებთ ბიულეტენების რაოდენობას, რაც ხელისუფლებამ მოგვპარა.
საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტი ლეგიტიმური ვერ იქნება, თუ მასში 100 დეპუტატზე მეტის უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი. დღეს ნათელია, რომ “ქართული იცნება” ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაიყვანს პარლამენტში 91 დეპუტატზე მეტს. სრულიად ნათელია, რომ ყველამ თქვა უარი გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ცალსახად და საჯაროდ აცხადებს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე და მოვითხოვთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” დანიშნოს ხელმეორე არჩევნები”,– თქვა ირმა ინაშვილმა.