მინდა, მივუსამძიმრო და მხარდაჭერა გამოვუცხადო ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ ქალბატონის გადასარჩენად და მინდა, ისინი გავამხნევო იმიტომ, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში დიდი ბრძოლები გველოდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ყველა უნდა შეთანხმდეს, რომ ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით კომპრომისი არ არსებობს.
„მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს და ახლობლებს. მინდა, მივუსამძიმრო და მხარდაჭერა გამოვუცხადო ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ ქალბატონის გადასარჩენად და მინდა, ისინი გავამხნევო იმიტომ, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში დიდი ბრძოლები გველოდება. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის. სახელმწიფო, მთავრობა, სამოქალაქო სექტორი – ყველანი მზად უნდა ვიყოთ, რომ გავუძლოთ მსგავს დარტყმებს. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით კომპრომისი არ არსებობს. არ არსებობს არანაირი კეთილი მიზნები ან რაღაც სხვა სახის გამოწვევები, რომლითაც შეიძლება კომპრომისები გავამართლოთ. დღეს ჩვენ ორ ფრონტზე ვიბრძვით. ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა. სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ამ ორ ფრონტზე გამარჯვებისთვის იპოვოს სწორი ბალანსი, რასაც ჩვენ ყველასთან ერთად ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ,“ – განაცხადა გახარიამ.