რაც შეეხება ამნისტიის საკითხს. აქტიურად ვმუშაობდით, პირველ რიგში, პროცესში იუსტიციის სამინისტრო იყო ჩართული. სისხლის სამართლის კოდექსიდან შესაბამისი მუხლების სია უკვე შედგენილია, რომელიც, შეიძლება, ამნისტიის წესით პირების გათავისუფლებას უკავშირდებოდეს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში შესაბამისი კანონპროექტი დავაინიციროთ. ალბათ, ივლისში რიგგარეშე სესიაზე მოგვიწევს საუბარი – გარკვეული საკითხები განსახილველი იქნება. ამ კანონპროექტის I მოსმენით მიღება ივლისში უკვე შესაძლებელი იქნება ისე, რომ ამნისტიის კანონის მიღება სექტემბერში, 3 მოსმენით დასრულდეს.

დღევანდელი მონაცემები ოპტიმალური არ არის. ჩვენ ციხეებში 10 000-მდე პატიმარი გვყავს. მნიშვნელოვანია, რომ ახლო მომავალში მათი რაოდენობა სერიოზულად შემცირდეს, იმისთვის, რომ ოპტიმალურ, ევროპულ მაჩვენებელს დავუახლოვდეთ. ამისთვის, სასურველი იქნებოდა, დაახლოებით, მინიმუმ, პატიმართა რაოდენობის ერთი მესამედით შემცირება. ვფიქრობთ, რომ ამნისტიის კანონი, რომელიც მომზადდა, ამ მიზნის მიღწევაში სერიოზულ წვლილს შეიტანს.

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენების დროს.