პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა. დღეს, 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
“დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, მოგეხსენებათ, რამოდენიმე საათში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე “საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ” ეს გადაწყვეტილება იქნება შედეგი 12-წლიანი შრომის ჩვენი თანამოქალაქეების, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების, სპეციალისტების და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის პირველი საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის ომის”, – თქვა გიორგი გახარიამ.
მანვე აღნიშნა, რომ გარდა იმისა, რომ საქმე ითვალისწინებს დაზარალებული მოქალაქეების ზიანის ანაზღაურებას, ეს იქნება საფუძველი, მომავალში მათი ინტერესების დაცვის საერთაშორისო დონეზე.
“ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში და ეს უნდა გახდეს ახალი მესიჯი იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ უწყებათაშორის კოორდინირებულ დონეზე დაიწყოს დეოკუპაციის მიმართულებით უფრო აქტიური მოქმედებები”, – თქვა პრემიერმა.
“საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” – 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს, თბილისის დროით 14:00 საათზე გამოაცხადებს.